გია სოსანაშვილის ადვოკატის განცხადება ალოგიკურია, რადგან დნმ-ის ნიმუში იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილას მკვლელობის მეორე დღეს იყო ამოღებული და არა 6 თებერვალს, როგორც გია სოსანაშვილი აცხადებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მკვლელობაში ბრალდებული სოსანაშვილის ადვოკატის სოსო ჯოგლიძის განცხადების საპასუხოდ ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოტამა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა.
კერძოდ, ადვოკატი განმარტავს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიაზე, შემთხვევის ადგილზე აღმოჩნდა ორი დნმ-ის ნიმუში, ერთი ეკუთვნოდა გია სოსანაშვილს, მეორეს იდენტიფიცირებაზე კი ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება.
"შემთხვევის ადგილის დათვალიერება განხორციელდა 24 საათის განმავლობაში. სრულყოფილად იქნა დათვალიერებული ყველა საეჭვო მასალა, რომელიც შემდგომ საექსპერტო კვლევას გადაეცა. კვლევის ჩატარება ასახულია ვიდეოფირზე, თუ რა ვითარებაში ჩატარდა კვლევები, როდის ჩატარდა და როდის გამოიკვეთა დნმ-ის პირველი ჩაშლა. ეს ყველაფერი საქმის მასალებში დევს, რომლითაც დასტურდება, რომ 6 თებერვლამდე ბევრად ადრე, ვაზაგაშვილის მკვლელობიდან მეორე-მესამე დღეს, ანუ 20-21 იანვარს უკვე აღმოჩენილია დნმ-ის პროფილი, რომელიც შემდგომ გახდა საექსპერტო კვლევის საგანი და დადგინდა, რომ სოსანაშვილის დნმ-ია", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
მისი თქმით, ადვოკატ ჯოგლიძის განცხადება არის ალოგიკური რაც საქმის მასალებში ჩანს.
"ის განცხადება, რომ თითქოს სოსანაშვილის დნმ გაყალბებულია და მოგვიანებით არის მიტანილი აფეთქების ადგილას, ისეთივე სიმართლეა თითქოს იური ვაზაგაშვილს თითები ჰქონდა მოწყვეტილი. ეს ისეთი სიმართლეა, როგორც თითქოს დაზარალებულ მხარეს არ აქვს საქმის მასალების გაცნობის უფლება და ეს უკანონოდ ხდება და ეს ისეთივე სიმართლეა, თითქოს სოსანაშვილზე ხდება ზეწოლა. რეალურად კი ეს ყველაფერი არის ტყუილი და წარმოადგენს დაცვის მხარის სტრატეგიას. სასამართლოზე გამოჩნდება თუ რა შედეგს მისცემს აღნიშნული სტრატეგია ბრალდებულს", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.