"ქართულ მხარეს უნდა ესმოდეს, რომ პროცესები შეუქცევადია და წარსულში დაბრუნება არ მოხდება"

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა იმედს გამოთქვამს, რომ ჟენევის დისკუსიებზე ჩამოყალიბებული ურთიერთობი, კონკრეტული ამოცანების გადაუჭრელობის ტრადიციად არ იქცევა.

როგორც ხაჯიმბამ გაერო-ს გენერალური მდივნის სპეიციალურ წარმომადგენლეთან და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარესთან ანტი ტურუნენთან შეხვედრისას განაცხადა, აფხაზური მხარე საერთაშორისო თანამეგობრობისგან თანაგრძნობას ელოდება.

"მადლობას გიხდით ერთობლივი მუშაობის გაგრძელების სურვილის გამო, რომელიც ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. თუმცა სასურველია, რომ ურთიერთობა, რომელიც ჟენევის დისკუსიების ფორმატში ჩამოყალიბდა არ გადაიქცეს ტრადიციად, რომელიც კონკრეტული ამოცანების გადაუჭრელობის მომტანია. ქართულ მხარეს, რომელიც ოპონირებას გვიწევს, უნდა ესმოდეს, რომ პროცესები შეუქცევადია და წარსულში დაბრუნება არ მოხდება", - განაცხადა ხაჯიმბამ.

შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ მოლაპარაკებების 32-ე რაუნდის დღის წესრიგი განიხილეს. ანტი ტურუნენი გალის რაიონში შექმნილ ვითარებასაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ ამ თემის განხილვა ინციდენტების პრევენციებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატში მოხდება. ტურუნენმა იმედი გამოთქვა, რომ გალის რაიონში ხუთმხრივი შეხვედრის ფორმატის მუშაობა აღდგება.

"საკითხების სირთულეების მიუხედავად, რომელიც ძირითადად პოლიტიკურ მომენტებს ეხება, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას უმთავრესად ჰუმანიტარულ საქმიანობასთან დაკავშირებით პროგრესი მიღწეულია. გაერო დიდ ყურადღებას უთმობს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილებებს და მზადაა მხარი დაუჭიროს ე.წ. აფხაზეთის ხელმძღვანელობას, ადგილზე კონკრეტული საკითხების გადაჭრაში", - განაცხადა ანტი ტურუნენმა.

თავის მხრივ კი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გალის რაიონის პრობლემების გადაწყვეტა აფხაზური ე.წ. სახელმწიფოს საზრუნავია. თუმცა რაულ ხაჯიმბამ ასევე აღნიშნა, რომ თუ გაერო აღნიშნულ პროცესში ჩაერთვება, აფხაზური მხარე მზადაა "ასეთი შესაძლებლობები სწორად გამოიყენოს".