ქართულ ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა ივნისიდან დაიწყება. ქართულმა მხარემ უკვე აწარმოა პირდაპირი მოლაპარაკებები "რიანეართან", "იზიჯეტსა" და "ეარბერლინთან".
ამის შესახებ ავიამიმართულებების განვითარების ფორუმზე Routes Europe 2015–ზე გახდა ცნობილი, სადაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საკუთარი სტენდით წარდგა.
მოლაპარაკებათა მიზანი ქართულ ავიაბაზარზე ახალი ავიამიმართულებების დამატება და არსებული რეისების გაფართოებაა. პირისპირ შეხვედრების გარდა, გაიმართა სხვა ღონისძიებები, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ქეთი ბოჭორიშვილის განცხადებით, ივნისიდან დაიწყება საქართველოში ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა.
„ნაწილ კომპანიებთან თითქმის ბოლო ეტაპზეა მოლაპარაკებები. ეს დაუსრულებელი პროცესია, რადგან ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი კომპანია შემოვიდეს და მეტი ფრენა განხორციელდეს. მუდმივი მუშაობის რეჟიმში ვართ... უახლოეს პერიოდში აქტიურად ვიხილავთ საქართველოში Air Berlin-ს”, – განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა "აიბიზნესთან" საუბარში. თუმცა კონკრეტული ვადები, როდის შემოვლენ ახალი კომპანიები, მინისტრს არ დაუსახელებია.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ახალი ავიაკომპანიების შემოსვლის შესახებ გასულ თვეს განაცხადა. ტურიზმის წახალისების გეგმად, ეკონომიკის მინისტრმა დაბალ ბიუჯეტიანი, ე.წ. ლოუ ქოსთერის ტიპის ავიახაზების შემოყვანა დაასახელა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს იზი ჯეტსა, ეარ ბერლინთან და რაინ ეართან.