საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილისა და კიევში ვიზიტისას მის უკრაინელ კოლეგას, ვლადიმერ გროისმანს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ მათი ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. დავით უსუფაშვილის განცხადებით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ უკრაინა და საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ერთი ტემპით მოძრაობენ. მხარეები საერთაშორისო ასპარეზზე უფრო კოორდინირებულ მუშაობაზეც შეთანხმდნენ.
დავით უსუფაშვილმა იმ წვლილსაც გაუსვა ხაზი, რომელიც საქართველოს უკრაინის ერთიანობისთვის ბრძოლაში შეაქვს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოსა და უკრაინის პარლამენტებს შორის თანამშრომლობა უფრო მჭიდრო იქნება.
„ჩვენ კოლეგებთან საუბრის დროს ძალიან კონკრეტულ საკითხებზე შევთანხმდით იმისათვის, რომ პარლამენტებმა უფრო ეფექტური როლი შევასრულოთ როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე ერთმანეთთან ორმხრივ ურთიერთობებში. ჩვენ მზად ვართ დღეს არსებულ თანამშრომლობას მეტი დრო და ენერგია დავუთმოთ და რაც მთავარია, ეს იყოს სახელმწიფო ორგანოებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ურთიერთობა, რათა ამ ურთიერთობებიდან მეტი ეფექტი მივიღოთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
რადას თავმჯდომარემ ვლადიმერ გროისმანმა აღნიშა, რომ შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო. მისი თქმით, დავით უსუფაშვილის ინიციატივით ერთგვარი საპარლამენტო პლატფორმა შეიქმნება, რომელშიც სამი ქვეყნის - უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას კანონმდებლები გაერთიანდებიან.
„მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს კოლეგებს სტუმრობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენი ქვეყანა იჩენს. შეხვედრამ მაღალ დონეზე ჩაიარა. განვიხილეთ მრავალი საკითხი, მათ შორის ურთიერთთანამშრომლობა. ჩვენ შევთანხმდით, რომ შეიქმნება სპეციალური პლატფორმა, რომელშიც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გაერთიანდებიან. ამ სამ ქვეყანას ევროინეგრაციის გზა აერთიანებთ. ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე ურთიერთქმედებების კოორდინაციას გავაძლიერებთ“, - აღნიშნა უკრაინის რადას თავმჯდომარემ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, კიევში იმყოფება. ხვალ ქართველ დეპუტატებს უკრაინის პრემიერ-მინისტრი შეხვდება.