წულუკიანმა დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საერთაშორისო კონგრესს ქართული რეფორმები გააცნო

წულუკიანმა დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საერთაშორისო კონგრესს ქართული რეფორმები გააცნო

იუსტიციის მინისტრი დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება დოჰაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით გაიმართა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გარდა, კონგრესში მსოფლიოს 70 ქვეყნის იუსტიციის მინისტრები და მინისტრის მოადგილეები მონაწილეობენ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანის სიტყვის ძირითადი თემები იყო მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოში; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ინოვაციური კოდექსი; პროკურატურის რეფორმა; მიღწევები კორუფციის, ნარკოდანაშაულის და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში; დანაშაულის პრევენციის კუთხით გატარებული ღონისძიებები და რეფორმები სასჯელაღსრულების სისტემაში.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში განიხილება და სულ მალე დამტკიცდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელსაც წინ უძღოდა მართლმსაჯულების რეფორმის რამდენიმე ტალღა.

"რეფორმის წინა ფაზები მოიცავდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხელშეწყობას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას, სასამართლო პროცესების გამჭვირვალობის გაზრდას, მოსამართლეთა შეფასებისთვის სტრუქტურირებული, გამჭვირვალე და ობიექტური მექანიზმის შექმნას მათი უვადოდ დანიშვნის მიზნით, ინდივიდუალური მოსამართლეების შიდა დამოუკიდებლობის გაძლიერებას მათი სასამართლოს მართვაში ჩართვის მეშვეობით. ამ ნაბიჯების შედეგად მნიშვნელოვნად გაზრდილია სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა", ─ განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს სამართლებრივ სისტემაში პროკურატურის როლის განსაზღვრაზე, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ანტინარკოტიკულ და ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიებზე, იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობასა და ჯანდაცვის რეფორმაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. განსაკუთრებული ყურადღება კი დანაშაულის პრევენციას დაუთმო.

"2013-2014 წლებში დანაშაულის პრევენციის ცენტრს 1342-მა ყოფილმა პატიმარმა მიმართა, რათა მონაწილეობა მიეღოთ რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში. აქედან 917 ბენეფიციარი ჩაერთო პროგრამაში, 268-მ ჯანდაცვის მომსახურება მიიღო უფასოდ, 185-მა ─ უფასო იურიდიული კონსულტაცია, 148-მ კი ─ ფსიქოლოგის დახმარება. ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში რეინტეგრაციის მიმართ ყოვლისმომცველი მიდგომა, როგორც ეს ასახულია პრობაციული მომსახურების ქართულ მოდელში, საუკეთესო გაკვეთილი და გამოცდილება გახდა აღმოსავლეთ ევროპის მრავალი ქვეყნისთვის", ─ განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თეა წულუკიანმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და კონგრესის მონაწილეებს ის გამოწვევები გააცნო, რომელთა წინაშეც საქართველო დგას დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმირების კუთხით.