აშშ-სა და კუბის პრეზიდენტებმა პანამაში რეგიონის ქვეყნების სამიტზე ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. "ბიბისის" ცნობით, ბარაქ ობამასა და რაულ კასტროს შორის დღეს დღის ბოლოს პირისპირ შეხვედრაც გაიმართება.
ეს პირველი შემთხვევა იქნება ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, როდესაც კუბისა და აშშ-ის ლიდერები ერთმანეთს შეხვდებიან. თეთრი სახლის ლიდერმა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დრო, როდესაც მის ქვეყანას რეგიონულ საქმეებში ჩარევა თავისუფლად შეეძლო, წარსულს ჩაბარდა. ბარაქ ობამა იმედოვნებს, რომ ამერიკელ და კუბელ ხალხს შორის კავშირები გაუმჯობესდება.
პანამის სამიტის ფარგლებში კუბისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა უკვე გაიმართა. ჯონ კერისა და ბრუნო როდრიგესს შორის მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა შედგა. ბოლო ერთი წელია ვაშინგტონი ცდილობს კუბასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას.
რამდენიმე დღის წინ აშშ_ის პრეზიდენტი, ბარაქ ობამა კუბის ტერორიზმის მხარმდაჭერი ქვეყნების სიიდან ამოღების ინიციატივით გამოვიდა. აღნიშნულ საქმეზე შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს. თუ ეს გადაწყვეტილება ვაშინგტონში მიიღეს, ის იქნება დამატებითი წინგადადგმული ნაბიჯი იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირები გაუმჯობესდეს. ამას შესაძლოა მოჰყვეს ორივე ქვეყანაში საელჩოების ხელახლა გახსნაც.