ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ სპეცრაზმელების ქმედებებთან დაკავშირებით კანონში ვერ ერკვევა, თუმცა მიიჩნევს, რომ უკანონო ბრძანებას რიგითი სპეცრაზმელი არ უნდა დაემორჩილოს.
როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელების თემის კომენტირებისას განუცხადა, მოსმენილი აქვს შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიცია დაკავებულებისთვის დანაშაულის შემსუბუქების საკითხზე.
"მე ვნახე მინისტრის რეაქცია. პრემიერს საერთოდ არაფერი ესაქმება სპეცრაზმელებთან. მათ ჰყავთ თავისი უფროსი, პრემიერმა აზრი გამოთქვა. აზრი გამოთქვა გომელაურმაც. ისიც ფიქრობს და ცდილობს, რომ ის, ვინც დაემორჩილა და დაექვემდებარა არასწორ ბრძანებას, ჩაიდინა დანაშაული. თუმცა სურს, რომ იქნებ შეუმსუბუქდეთ ეს დანაშაული. კარგად არ ვარ გარკვეული ამ კანონმდებლობაში. საერთოდ, კანონს უნდა ექვემდებარებოდეს ყველა. თუკი უფროსი იძლევა უკანონო ბრძანებას, რიგითს უნდა ეყოს გონება, რომ რაღაც არ გააკეთოს. თუმცა ეს იწვევს სხვა კითხვებს. თუკი ტერორისტული აქტი ხდება, ამდენი გარჩევის დრო და საშუალება არ აქვთ და სწრაფად უნდა დაექვემდებარონ ბრძანებას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.