საქართველოს პრეზიდენმა ვატიკანში ვიზიტის ფარგლებში წმინდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან სამუშაო სადილი გამართა.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხი, როგორიცაა საქართველოს ცნობადობის ამაღლება. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს, როგორც ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოს მნიშვნელობა ევროპულ ცივილიზაციაში.
დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები საქართველოსა და რეგიონში არსებული ვითარებით დაინტერესდნენ და ყურადღება რეგიონალური მშვიდობის აუცილებლობაზე გაამახვილეს. საუბარი ასევე შეეხო არაღიარების პოლიტიკას და სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის მნიშვნელობას.
საქართველოს პრეზიდენტისა და ქართული დელეგაციისგან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელებმა მათთვის საინტერესო ინფორმაცია და მნიშვნელოვან შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
შეხვედრას წმინდა საყდართან საქართველოს, აშშ-ის, ბრაზილიის, უკრაინის, კანადის, თურქეთის, ევროკავშირის, იაპონიისა და ეგვიპტის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები და ქართული დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამუშაო სადილის დროს ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს საქართველოდან სპეციალურად ჩამოტანილი ქართული ღვინით გაუმასპინძლდნენ.
საქართველოს პრეზიდენტი ვატიკანში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ხვალ მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენციას გამართავს, რის შემდეგაც წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივნის მოადგილეს მონსინიორ ანტუან კამილიერის და სახელმწიფო სამდივნოს წარმომადგენლებს შეხვდება.