საერთაშორისო ორგანიზაცია "ამნესთი ინთერნეიშენალის" განცხადებით, არსებობს სამხილები იმისა, რომ პრორუსმა მებრძოლებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ტყვეობის დროს ოთხი უკრაინელი სამხედრო მოკლეს. თვითმხილველების ცნობით, ერთ-ერთ ჯარისკაცს სეპარატისტების მეთაურმა ესროლა.
"ბიბისის" ცნობით, "ამნესთი ინთერნეიშენალს" ასევე აქვს ვიდეომასალა, თუ როგორ ესვრიან ტყვეობაში მყოფ სამ უკრაინელ სამხედროს. გარდაცვლილს ტყვიები თავის არეში აქვს მოხვედრილი. საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი მკვლელობები არის ომის დანაშაული.
"ეს საქმეები დამოუკიდებლად, შესაბამისად და საფუძვლიანად უნდა გამოიძიონ და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ სუვერენული სახელმწიფოს სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებით", - განაცხადა "ამნესთი ინთერნეიშენალის" წარმომადგენელმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, დენის კრივოშეევმა.
აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუს მებრძოლებსა და უკრაინის არმიას შორის სამხედრო დაპირისპირება უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. კონფლიქტს 6000-მდე ადამიანი შეეწირა.