ალეკო ელისაშვილი - როდესაც ნარმანიას მწვავე საკითხებზე ვესაუბრებოდით, პასუხი იყო, რომ

ალეკო ელისაშვილი - როდესაც ნარმანიას მწვავე საკითხებზე ვესაუბრებოდით, პასუხი იყო, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცუდი იყო

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი თბილისის მერის, დავით ნარმანიას საკრებულოში გამოსვლით უკმაყოფილოა. 

როგორც ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის მერის გამოსვლა იყო ზედაპირული. "იყო მწვავე საკითხებზე საუბარი, თუმცა ყველა მწვავე საკითხს დავით ნარმანია გაექცა. შეგვიძლია უსასრულოდ ვისაუბროთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცუდი იყო, თუმცა ყველაზე კარგად საუბრობს გაკეთებული საქმეები. სამწუხაროდ, თბილისის მერიაში გაკეთებული საქმე ძალიან ცოტაა. როდესაც მწვავე საკითხებზე ვესაუბრებოდით, პასუხი იყო, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცუდი იყო", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საკრებულოს დეპუტატის განმარტებით, მისი შეკითხვა "სითი პარკს" შეეხებოდა. ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მას უჩნდება ეჭვი, რომ დედაქალაქის მერიასა და "სითი პარკს" შორის მოხდა გარიგება და სწორედ ამიტომ აარიდა თბილისის მერმა დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემას თავი. "უზედაპირულესი პასუხები იყო. უფრო კონკრეტულ და ბევრ კონკრეტულ და გაკეთებულ საქმეზე უნდა ესაუბრა დედაქალაქის მერს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.