უშიშროების საბჭოს მდივან, ირინე იმერლიშვილის განცხადებით, პირველი შემთხვევაა პარლამენტის ისტორიაში, როდესაც ძალოვანი მინისტრი პარლამენტის წინაშე არა მხოლოდ მოხსენებით წარსდგება, არამედ ყველა კითხვას პასუხობს, - ამის შესახებ იმერლიშვილმა ჟურნალისტებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე თავდაცვის მინისტრ, მინდია ჯანელიძის გამოსვლის შეფასებისას განუცხადა.
"მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია, მე თუ არ მეშლება ეს არის პირველად საქართველოს პარლამენტის ისტორიაში, როდესაც ძალოვანი მინისტრი მოდის პარლამენტში და არა მხოლოდ მოხსენებით წარსდგება პარლამენტის წინაშე, როგორც მოგეხსენებათ კონსტიტუციურად ნებისმიერი მინისტრი ანგარიშვალდებულია სწორედ პარლამენტის წინაშე, არამედ იგი პასუხობს ნებისმიერ შეკითხვას, რომელსაც უსვამს თითოეული პარლამენტის წევრი. მე იმედი მაქვს, რომ ეს პრაქტიკაში დაინერგება და სხვა მინისტრებიც გაიზიარებენ ანალოგიურს და ისინიც მოვლენ პარლამენტში, როდესაც დაიბარებს კომიტეტი, თუ პარლამენტის ნებისმიერი წევრი, ვინაიდან რეგლამენტი, მათ შორის სადეპუტატო შეკითხვას ითვალისწინებს", - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მინდია ჯანელიძეს დღეს მოუსმინეს, ახლა კი საკანონმდებლო ორგანოში მინისტრისა და გენერალური შტაბის წარმომადგენლების მონაწილეობით ნდობის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.