"შიდა ქართლს ხილის წარმოების, ბაღების განახლების, სანერგე მეურნეობების განვითარების რესურსი აქვს"

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, "ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" ფარგლებში ბიზნესმენებს შიდა ქართლის რეგიონის განვითარების გეგმა და პოტენციალი გააცნო.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რეგიონში არსებული პოტენციალის შესწავლის შედეგად, მთავრობას შიდა ქართლის განსავითარებლად საჭირო ნაბიჯების თაობაზე სრული სურათი და სამოქმედო გეგმა აქვს.

"შიდა ქართლს აქვს ძალიან კარგი რესურსი ხილის წარმოების, ასევე ხილის ბაღების განახლების, სანერგე მეურნეობების განვითარების კუთხით. აუცილებელია თანამედროვე მაღალმარჟიანი ჯიშების ხილის მოყვანა. ძალიან პერსპექტიულია ბოსტნეულის წარმოებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, გადამმუშავებელი წარმოების განვითარება, მესაქონლეობის განვითარება, თევზის წარმოების გაზრდა. რაც შეეხება საწარმოთა განვითარებას, - გორს აქვს პერსპექტივა აგურის წარმოების, მოსაპირკეთებელი მასალების დამუშავების, ასევე სამკერვალო წარმოების, ტკბილეულის წარმოების, მაკულატურის გადამუშავების კუთხით. კასპს აქვს კრამიტის, მუყაოს წარმოების, ტყავის გადამუშავების რესურსი; ქარელს - არსებული ბუნებრივი რესურსების გადამუშავების, ხაშურს კი - ავეჯისა და მინის წარმოების კუთხით,”-განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ შტამბეჭდავი პროექტები განახორციელა. თუმცა პრემიერ-მინისტრმა აქვე დასძინა, რომ ეს საკმარისი არაა და რეგიონში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად კიდევ ბევრი სამუშაოა გასატარებელი.

"მინდა პირველ რიგში შევეხო დევნილების საკითხს. ისინი სახელმწიფოსგან დიდ ყურადღებას საჭიროებენ. შიდა ქართლის რეგიონში 2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართებით 249 დევნილი ოჯახია უზრუნველყოფილი. ასევე საკუთრებაში დავუკანონოთ 300-მდე დევნილ ოჯახს ფართები და სოციალური პაკეტით 8 ათას 200-მა ოჯახმა ისარგებლა. მინდა აქვე გითხრათ, რომ წელს გორში საფუძველი ჩაეყრება 480 ბინიან კორპუსის მშენებლობას და ჩვენი დევნილები, საკუთარ სახლებში ღირსეულად დაბრუნებამდე, საკუთარ ჭერქვეშ იცხოვრებენ და ღირსეული პირობები ექნებათ. ამ ორი წლის განმავლობაში შიდა ქართლის რეგიონში 13 მილიონამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ეს თანხა სამთო-მოპოვებით მრეწველობაში, გადამამუშავებელ მრეწველობაში და უძრავ ქონებაში ჩაიდო. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ მხარს ვუჭერთ ყველა საინტერესო ბიზნესპროექტს და ინვესტიციას, რომელიც ხელს შეუწყობს შიდა ქართლის რეგიონის განვითარებას. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ პროექტებს, შიდა ქართლში გაცემულია 79 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის 3 ათასამდე სესხი. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, 9 ახალი საწარმო სამ მილიონზე მეტი ლარით დაფინანსდა. ასევე გადაიარაღდა 61 საწარმო და ამისთვის 15 მილიონ ლარზე მეტი გავეცით. გარდა ამისა ჩვენ მცირემიწიან ფერმერებს საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებაში ვეხმარებით. 2013 წელს შიდა ქართლში 95 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო 20 მილიონი ლარის სარგებელი. გასულ წელს კი დახმარება 74 ათასმა ბენეფიციარმა მიიღო, რაც სასოფლო სამეურნეო საქონლის სახით 5.5 მილიონზე მეტის, მიწის გადამუშავების სახით კი 2 მილიონამდე სარგებელია. რაც შეეხება წლევანდელ გაზაფხულს 8 მილიონ ლარზე მეტის დახმარებაა გამოყოფილი, რაც 75 ათას ბენეფიციარს მოხმარდება. 2014 წლის სექტემბერში სოფლის მეურნეობის სექტორში ჩვენ აგროდაზღვევის პროგრამა დავიწყეთ. შიდა ქართლში ამ პროგრამის ფარგლებში 399 პოლისია გაცემული. დაზღვეულია 12 მილიონზე მეტი ღირებულების მოსავალი. გასულ წელს ასევე პირველად განვახორციელეთ ვაშლის სუბსიდირების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ფერმერებმა 43 ათასი ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩააბარეს და 4 მილიონ 355 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს. აქედან სახელმწიფოს სუბსიდია 3 მილიონი ლარი იყო. მე ვიტყოდი, რომ სწორედ ეს არის სახელმწიფოს მიდგომა, რომ ჩვენს გლეხებს შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ, მანამ სანამ ფეხზე დადგებიან. ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარებას. დღისათვის შიდა ქართლში სტატუსი 47 კოოპერატივს აქვს მინიჭებული. ისინი მუშაობენ მემარცვლეობის, მეხილეობის, მებოსტნეობის, მენერგეობის და მეფუტკრეობის მიმართულებით. ჩვენ ასევე 19 კოოპერატივს მცირეგაბარიტიანი აგროტექნიკის კომპლექტებით და ხელით სათესებით დავეხმარეთ. ყველას კარგად მოგეხსენებათ  სოფლის მეურნეობისთვის სამელიორაციო სისტემას რა მნიშვნელობა აქვს და ამ კუთხითაც ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად იმატა წყლით უზრუნველყოფილი ფართობების მოცულობამ. ამ კუთხით მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 9 მილიონ ლარს შეადგენს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.