"პოლიციელის სოციალური დაცვის გარანტიებზე" შემუშავებულ კანონპროექტზე მუშაობა დასრულებულია

კანონპროექტის ავტორის საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის გიგა ბუკიას ამ ეტპზე პოლიციელის სოციალური დაცვის გარანტიებისთვის ბიუჯეტში შესაბამისი თანხების მოძიება მიმდინარეობს.

გარდა ამისა როგორც ბუკიამ განაცხადა, ამ ეტაპზე სხვადასხვა ტექნიკური საკითხებიც ზუსტდება. დეპუტატის თქმით, აღნიშნული საკითხის ინიციატორი ხელისუფლებაა და ეს საკითხი 2014 წელს ერთ-ერთი შეხვედრის დროს გაჟღერდა. გიგა ბუკიას თქმით, კანონპროექტზე მუშაობა მას დაევალა, ვინაიდან ჯარისკაცების ოჯახების სოციალურ გარანტიებზე საკანონმდებლო პაკეტი მან მოამზადა

"ამ კანონის მიღების შემდეგ ათას ლარს იღებს იმ ჯარისკაცის ოჯახი, რომელიც საქართველოს დამოკიდებლობისთვის ბრძოლაში და მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. იყო საუბარი, რომ გაგვეზარდა სოციალური დახმარებები და გაგვევრცელებინა პოლიციელებზეც, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ. ვინაიდან მე ამ საკითხში ღრმად ვიყავი ჩახედული და ჯარისკაცებთან მიმართებაში მიღებულ კანონპროექტზე მომხსენებელი ვიყავი, მთხოვეს მომემზადებინა აღნიშნული კანონპროექტი. ეს ითვალისწინებს ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას იმ პოლიციელების ოჯახებისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალნენ. ანუ მათი ოჯახები იყვნენ სოციალურად დაცულები. კანონპროექტი ფაქტობრივად მომზადებულია. მიმდინარეობდა გარკვეული პროცედურები, ვინდაიდან დასაზუტებელი იყო გარკვეული საკითხები, ბიუჯეტში თანხებია მოსაძიებელი და მხოლოდ ეს პროცედურებია ამ ეტაპზე დარჩენილი", - განაცხადა ბუკიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ კანონპროექტზე მუშაობა დეპუტატ პავლე კუბლაშვილის მიერ მსგავსი ინიციატივის გაჟღერებას არ დაუჩქარებია. ბუკიას თქმით მას შეუძლია დოკუმენტებით დაადასტუროს, რომ აღნიშნულ საკითხზე უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს.

"მე მაქვს ოფიციალური დოკუმენტაცია, წერილები, ოფიციალური მიმოწერა, სადაც რამდენიმე თვის წინ აღნიშნულ კანონპროექტზე დოკუმენტებს ვუგზავნი, შსს-ს, ფინანსთა სამინისტროს, სოციალურ სააგენტოებს. ეს დოკუმენტაცია მაქვს და თუ დაინტერესება იქნება, შემიძლია წარმოვადგინო. უბრალოდ მე მათ მაგივრად მრცხვენია, რადგან "ნაციონალურ მოძრაობა" საკმაო პერიოდი იყო ხელისუფლებაში და თუ მსგავს საკითხს გულშემატკივრობდნენ, რატომ არ გაახსენდათ არცერთხელ ეს. მინდა გითხრათ, რომ მინიმალური თანხა, რასაც დღეს დაღუპული პოლიციელის ოჯახი იღებს, 33 ლარი და 32 თეთრია. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" სახე. ახლა რომ გაახსენდათ ეს საკითხი და ტრაგედიას თავიანთი თავის გასაპიარებლად იყენებენ, ეს რბილად რომ ვთქვათ უნამუსობაა", - განაცხადა ბუკიამ.