ქართული ღვინის ექსპორტი 2015 წლის პირველ კვარტალში 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა. იანვარ–მარტში საქართველოდან მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია მხოლოდ 5 100 184 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 67%–ით ნაკლებია, ვიდრე 2014 წლის I კვარტალში.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში ექსპორტის კლებას უმთავრესად 2 უმსხვილეს ბაზარზე რუსეთსა და უკრაინაში არსებული შემცირებით ხსნიან. პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 83%–ით დაეცა, უკრაინაში 63%–ით.
ამავდროულად გაზრდილია ექსპორტი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე ჩინეთში (+64%), იაპონიაში (+194%), კანადაში (+250%), დიდი ბრიტანეთი (+130%), ესტონეთში (+15%), პოლონეთში (+3%).
„მარტში ექსპორტის თვალსაზრისით უფრო აქტიური იყო, ვიდრე იანვარი და თებერვალი. იანვარში ექსპორტი შეადგენდა 1 343 018 ბოთლს, თებერვალში - 1558 631 ბოთლს, მარტში - 2198 535 ბოთლს. მეწარმეების პროგნოზით, აპრილ-მაისიდან ღვინის გადაზიდვები უფრო გააქტიურდება და ექსპორტი უფრო მოიმატებს, ვინაიდან ერთ-ერთ მსხვილ ექსპორტიორ ქვეყანაში, რუსეთში რუბლის დევალვაციის პროცესი მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა,“ – განმარტავენ ღვინის ერპოვნულ სააგენტოში.
ექსპორტიორ ქვეყნებს შორის, მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, კვლავაც რუსეთი ლიდერობს, სადაც 1 823 241 ბოთლი გავიდა, ყაზახეთი - 1 028 592, უკრაინა - 655 110, ჩინეთი - 364 778, პოლონეთი - 352 658.