მივმართავთ ყველა პოლიციელს, იმოქმედეთ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში და დაიცავით პირველ რიგში თქვენი საკუთარი სიცოცხლე. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა , ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დაჭრილი პოლიციელის, ვალერიან გრძელიშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა.
საქართველოს პრემიერმა მწუხარება გამოხატა პოლიციის თანამშრომლის დაღუპვის გამო.
"მის ოჯახს მივუსამძიმრე პირადად. ძალიან მძიმე სანახავი იყო მისი მცირეწლოვანი შვილი, რომელიც ოცნებობდა, რომ მამა გმირი ყოფილიყო. ეს არის ძალიან მძიმე შემთხვევა, ტრაგედიაა ჩვენთვის. მინდა, მთელი გულით მივუსამძიმრო შს სამინისტროს ყველა თანამშრომელს ამ პოლიციელის დაღუპვა. დაჭრილი პოლიციელი, მადლობა ღმერთს, სტაბილურად არის, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. მადლობა ექიმებს, რომ ექვსსათიანი ოპერაციის შემდეგ შეძლეს მისი გადარჩენა. იმედი მაქვს, მკურნალობის პროცესი სტაბილურად წარიმართება. ჩვენი მხრივ რაც გვევალება და რის გაკეთებაც შეგვიძლია, დავეხმარებით მაქსიმალურად როგორც გარდაცვლილის, ასევე დაჭრილის ოჯახებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, თავად ფაქტი არის ამაზრზენი.
"სიტყვები არ მყოფნის, როგორ შევაფასო ეს არადამიანი, რომელმაც ეს სასტიკი დანაშაული ჩაიდინა. გახსოვთ, ბორჯომში ამ ადამიანმა ერთი პიროვნება მოკლა. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრება და ხელის აღმართვა ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრების მიმართ", - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა მოუწოდა შს მინისტრს, პროკურატურას, რომ კრიმინალის წინააღმდეგ გააათმაგონ ბრძოლა.
"ვინაიდან მსგავსი ფაქტი მოხდა, ეს არის ყოვლად დაუშვებელი. მივმართავ ყველა პილიციელს, იმოქმედეთ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, თქვენ გაქვთ კანონით მინიჭებული ყველა უფლება, რომ დაიცვათ პირველ რიგში თქვენი საკუთარი სიცოცხლე. ეს კრიმინალები, რომლებიც გარეთ არიან, მათი ადგილი აქ არ არის. მათი ადგილი არ არის ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს ხალხში, ჩვენს შორის, მათი ადგილია ციხეში ან სხვაგან. ასე რომ, მე მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალური მობილიზება გააკეთონ. მინდა გითხრათ, რომ ჩემი მინისტრობის დროს ყოველთვის ვეუბნებოდი ჩემს თანამსრომლებს, რომ ყოველთვის წინ უნდა ვუსწრებდეთ კრიმინალს 2-3 ნაბიჯით და ჩვენ ვერ უნდა დაგვასწროს ვერც ერთმა კრიმინალმა ვერც გასროლა და ვერც ვერაფერი. ასე რომ, ძალიან მძიმე იყო ეს შემთხვევა და იმედი მაქვს, ძალიან მალე დააკავებენ ამ პიროვნებას. წინააღმდეგობის შემთხვევაში პოლიციელებს აქვთ სრული უფლება, მოახდინონ ამ ადამიანის ლიკვიდაცია. ეს უფლება მათ კანონით აქვთ მინიჭებული", - განაცხადა ღარიბაშვილმა.