საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, მან ODIHR-ის დირექტორს მაიკლ ლინკს ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებზე განხორციელებული სადამკვირვებლო მისიისთვის მადლობა გადაუხადა.
ბერუჩაშვილის განმარტებით, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს მადლობა აღნიშნული ინსტიტუტის საარჩევნო პროცესებში და საარჩევნო სისტემის განვითარების შემუშავებაზე რეკომენდაციებისთვისაც გადაუხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ODIHR-თან წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, რეფორმირების, დემოკრატიული ინსტიტუტების აშენების და განვითარების გზაზე.
„ჩვენ მადლობა გადავუხადეთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს მჭიდრო თანამშრომლობისთვის. კერძოდ კი, ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებზე სადამკვირვებლო მისიის მიერ 2013-2014 წლებში განხორციელებული საქმიანობისთვის და ასევე იმ რეკომენდაციებისთვის, რომელიც ეუთო-ს ინსტიტუტმა საქართველოში სასამართლო სისტემის დახვეწის მიზნით შეიმუშავა. აღსანიშნავია, რომ ეს ზოგადად პირველი პრეცედენტი იყო, როცა საქართველოს მთავრობამ ODIHR-ი თავისი ინიციატივით მოიწვია სასამართლო პროცესების მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ბერუჩაშვილმა.