შეუძლებელია, ხელისუფლება ახალისებდეს კრიმინალურ სამყაროს და ამ დროს პოლიცია იყოს დაცული, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
წიკლაურმა სამძიმარი გამოუცხადა ბექა მარგიშვილისა და ყველა იმ პოლიციელის ოჯახს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში კრიმინალთან ბრძოლაში დაიღუპნენ და გამოეხმაურა შს მინისტრის მოწოდებას პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებისადმი.
"პოლიციელთა დემორალიზაცია უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მოხდა სწორედ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგად, რომელსაც ივანიშვილის მთავრობა ატარებს და რაც ამნისტიაში, მკვლელების, ყაჩაღების, კრიმინალების გამოშვებაში გამოიხატა. ამან უდიდესი საფრთხე შეუქმნა როგორც საზოგადოების დაცულობას, ისე პოლიციელთა სიცოცხლეს; პოლიციელთა დემორალიზება გამოიხატა იმით, რომ კეთილსინდისიერი პოლიციელები ხდებოდნენ დასჯის ობიექტი, მათ ათავისუფლებდნენ სამსახურებიდან იმის გამო, რომ აკეთებდნენ იმას, რასაც მათ კანონი ავალებდა; პოლიციელთა დემორალიზება გამოიწვია იმან, რომ პოლიციელთა მკვლელებს აპარებდნენ საზღვარზე, როგორც იყო ეს ბათუმის ცნობილი ინცინდეტის დროს; პოლიციელთა დემორალიზება გამოიწვია სპეცრაზმელთა დევნამ, რამაც ამ სპეცრაზმელების ეფექტურობა შეასრულა; პოლიციელთა დემორალიზება გამოიწვია ქურდული სამყაროს რეანიმაციამ და ათობით შემთხვევა, როდესაც ხელს აფარებენ კანონიერ ქურდებს და პირდაპირ აეროპორტიდან აპარებენ მათ, სწორედ ამის დასტურებაა; პოლიციელთა დემორალიზება გამოიწვია დამნაშავეთა სამყაროს ჰეროიზაციამ "ქართული ოცნების" მხრიდან", - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა", ისევე როგორც ქართული საზოგადოება, სოლიდარულია პოლიციელთა მიმართ და მკაფიოდ უჭერს მას მხარს.
"ჩვენი დამოკიდებულება უუნარო ხელისუფლების მიმართ ცნობილია, არ გვაქვს იმედი, რომ შეძლებს რომელიმე მიმართულებით მაინც ქვეყენაში ვითარების გამოსწორებას, მაგრამ თუ მათ მცირედით მაინც უნდათ, რომ შეამცირონ ის უდიდესი ზიანი, რაც ქართულ პოლიციას მიაყენეს, ვფიქრობ, აუცილებელია, ზეამოაღნიშნული მიმართულებებით ნაბიჯების გადადგმა. შეუძლებელია, ქვეყანაში ხელისუფლება ახალისებდეს კრიმინალურ სამყაროს და ამ დროს პოლიცია იყოს დაცული და შეეძლოს დაიცვას საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი", - განაცხადა წიკლაურმა და დასძინა, რომ საქმე იქამდეა მისული, უუნარო მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გამოვიდნენ სახლიდან, იყვნენ უფრო ფრთხილად და ამით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა არ შეუძლია.