რუსეთი არ გვაწყობს არა იმიტომ, რომ ეს მოდაშია, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანა და სისტემა არის კორუფციული, თავისი შინაარსით რეგრესული, - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის ხელმძღვანელმა გია ვოლსკიმ, სტუდენტებთან და სტაჟიორებთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც, სხვადასხვა საკითხებთან ერთად, გეოპოლიტიკურ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება.
ვოლსკის შეფასებით, რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში თავისი სტრატეგიული ამოცანა შეასრულა. კერძოდ, დეპუტატის თქმით, რუსეთის ამოცანა არა თბილისიდან 40 კილომეტრში დგომა, არამედ მილსადენებთან ახლოს მისვლა იყო და დგას მილსადენებიდან კილომეტრნახევარში. ვოლსკიმ ისიც აღნიშნა, რომ რუსეთმა ჩრდილოკავკასიური ზურგი გააძლიერა.
"რაც არ უნდა ვიკამათოთ, ტერიტორიები დაკარგული და ოკუპირებულია. რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში თავისი სტრატეგიული ამოცანა შეასრულა. ეს სტრატეგიული ამოცანა არ მდგომარეობს იმაში, რომ ოსეთის ან აფხაზების ინტერესები დაიცვას, ან ეზიზღება ქართველები და რაც მოხდა, ამიტომ გააკეთა. საკითხი მნიშვნელოვანია, რომელიც სიყვარულთან და სიძულვილთან დაკავშირებული არ არის – კასპიის და აზიის რეგიონიდან დასავლეთისკენ ტრილიონობით ენერგორესურსი მიედინება. ერთადერთი ვართ ჩვენ – ალტერნატიული დერეფანი, რომელსაც შეუძლია, შეუქმანს ალტერნატივა არა მხოლოდ ამ ბიზნესს, არამედ რუსეთის ბიუჯეტს. აქედან გამომდინარე, შენ უნდა იმოქმედო ისე, რომ გაძლიერედეს შენი ზურგი. რუსეთი არ გვაწყობს არა იმიტომ, რომ მოდაშია "აი, რუსეთი არა ...", არამედ იმიტომ, რომ ქვეყანა და სისტემა კორუფციულია, თავისი შინაარსით რეგრესულია. შეიძლება იყო კარგ ურთიერთობაში – კარგი სამეზობლო, სავაჭრო, ეკონომიკური, საზოგადოებრივი თუ სადღეგრძელოს კუთხით, ოღონდ არ უნდა იყო ორბიტაში. ეს არის სტრატეგიული ამოცანა, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რათა მომავალი გადაარჩინოს", - განაცხადა სტუდენტებთან შეხევდრისას გია ვოლსკიმ.