დღეიდან ვნების შვიდეული დაიწყო

დღეიდან ვნების შვიდეული დაიწყო

დღეიდან ვნების შვიდეული დაიწყო. წმინდა დიდმარხვის ბოლო კვირას ვნების შვიდეული იესო ქრისტეს ჯვარზე ვნების ნიშნად აღინიშნება. კვირის განმავლობაში მორწმუნეები შეძლებისამებრ მკაცრად მარხულობენ. 

ვნების შვიდეულის ორშაბათსა და ოთხშაბათს ტაძარში პირველშეწირულის წირვა სრულდება. სამშაბათს კი ხარების დღესასწაული აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით მორწმუნეებისთვის მარხვა ზეთით, ხიზილალითა და ზღვის ნაწარმით ხსნილია. ამის შესახებ პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. ვნების შვიდეულში მსახურებებზე მთელი სახარება იკითხება. 

შვიდეულის ხუთშაბათს, ე.წ. "დიდი ხუთშაბათს", ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა სრულდება. ამ დღეს იესო ქრისტემ თავისი თორმეტი მოწაფე აზიარა და ამით ევქარისტიის, ზიარების საიდუმლო დააწესა. დიდ ხუთშაბათს ასევე სრულდება ფეხთბანის რიტუალი, რომლის დროსაც უფლის მსგავსად კათოლიკოს-პატრიარქი თორმეტ მღვდელს ფეხებს დაბანს. წმ. სახარების მიხედვით, მაცხოვარმა ფეხები თავის თორმეტ მოწაფეს დაბანა. დიდი ხუთშაბათიდან წმიდა ეფრემ ასურის სინანულის ლოცვა "უფალო და მეუფეო..." აღარ იკითხება. 

დიდი პარასკევი, ანუ წითელი პარასკევი, წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს უფლის ჯვარცმა მოხდა. დღის ორ საათზე ეკლესიაში ე.წ. "გარდამოხსნის გადმოსვენება" - იესო ქრისტეს სხეულის ჯვარიდან გადმოხსნის რიტუალი სრულდება. 

ვნების შვიდეულის შაბათს, "დიდ შაბათს", კი დილით ადრე ეკლესიის გარშემო გარდამოხსნის შემოტარება სრულდება, რის შემდეგაც მას შუა ტაძარში დაასვენებენ. ეს რიტუალი უფლის წმიდა სხეულის ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში გადმოსვენებას აღნიშნავს. სრულდება წირვა, შემდეგ კი მორწმუნეები იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად ემზადებიან. დიდი შაბათსაც მკაცრი მარხვაა დაშვებული.

დიდმარხვა წელს 23 თებერვალს დაიწყო და 12 აპრილს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.