პანკისის ხეობიდან, სირიაში მებრძოლების წასვლასთან დაკავშირებით, სოფელ დუისში დღეს ხეობის უხუცესთა საბჭოს სხდომა და საპროტესტო აქცია გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარემ, ხასო ხანგოშვილმა განუცხადა, სხდომის შემდეგ უხუცესები სირიაში მიმავალ მებრძოლებზე საკუთარ პოზიციას დააფიქსერებენ. პარალელურად ხეობის მოსახლეობა და სირიაში მებრძოლთა ოჯახები დუისში საპროტესტო აქციას გამართავენ.
ხანგოშვილის განცხადებით, თუ სახელმწიფომ ხეობის მიმართ დროულად არ შეიმუშავა სრატეგია, პანკისიდან სირიაში მებრძოლთა გადინება ქვეყნის უსაფრთხოებას კითხვის ქვეშ დააყენებს.
პანკისელები აცხადებენ, ამ დროისთვის ე.წ.ისლამური სახელმწიფოს რიგებში 100-ზე მეტი პანკისელი იბრძვის, მათ შორის რამდენიმე საველე მეთაურია.
ორი დღის წინ ხეობიდან სირიაში არასრულწლოვნებიც გაემგზავრნენ. როგორ გადაკვეთეს მათ თურქეთის მიმართულებით სახელმწიფო საზღვარი შსს-ს გენინსპექცია სწავლობს.