კრიმინალისტებმა ტანსაცმელს და ავტომანქანას მიაკვლიეს, რომელიც სავარაუდოდ პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეკუთვნის

კრიმინალისტებმა ტანსაცმელს და ავტომანქანას მიაკვლიეს, რომელიც სავარაუდოდ პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეკუთვნის

ექსპერტ-კრიმინალისტებმა წულუკიძის ქუჩაზე ტანსაცმელს მიაკვლიეს, რომელიც სავარაუდოდ პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეკუთვნის.

როგორც ჟურნალისტებს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განუცხადეს, სავარაუდოდ ტანსაცმელი გაქცევის დროს მკვლელმა დატოვა. სამართალდამცველების მიერ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე დგას ასევე ავტომობილი, რომელსაც საქარე მინაზე ნატყვიარი აქვს.

სავარაუდოდ, შესაძლო მკვლელი სწორედ წულუკიძის ქუჩიდან გადავიდა კალოუბნის ქუჩაზე, რის შემდეგაც უკვე ავტობაზრობის ტერიტორიაზე ჩავიდა. კალოუბნის ქუჩაზე, ექსპერტები ასევე აგრძელებენ მუშაობას ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, რა მონაკვეთიც სავარაუდო მკვლელმა გაიარა.

მკვლელობის ადგილზე კი სამართალდამცველებს სამუშაოები დასრულებული აქვთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ისან-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი, დეტექტივის თანაშემწე, გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად, 4 აპრილს ვარკეთილის მეტროსთან სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა, ერთი მათგანი ბექა მარგიშვილი გუშინვე საავადმყოფოში გარდაიცვალა.