პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ქართველი ჯარისკაცების ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვაზე დაუსწრებლობას არაორგანიზებულობით ხსნის. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა.
კითხვაზე, რატომ არ დაესწრო პრემიერი დაკრძალვას, ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ საკითხს ასე ნუ დასვამენ.
"საკითხს ასე ნუ სვამთ, თუ რატომ არა, მგონი ყველანი დამეთანხმებით, რომ ჩვენ არც ერთი ღონისძიება არ გამოგვიტოვებია. სამწუხაროდ, უნდა დავარქვათ, რომ ეს იყო არაორგანიზებულოს ბრალი. წინასწარ არ იქნა შეტყობინებული არც მთავრობისთვის, ჩემმა ოფისმა გაიგო ძალიან გვიან. ვიცოდით, რომ პრეზიდენტი ესწრებოდა და ძალიან გვიან გავიგეთ ამის თაობაზე. რა თქმა უნდა, მეც დავესწრებოდი და ყველაც", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 42 ქართველი ჯარისკაცის ცხედრის ფრაგმენტები 2 აპრილს დაკრძალეს.