ირაკლი ღარიბაშვილი - პოლიციელის მკვლელობა სახელმწიფოს მიმართ ხელის აღმართვაა, რაც არავის შერჩება

ირაკლი ღარიბაშვილი - პოლიციელის მკვლელობა სახელმწიფოს მიმართ ხელის აღმართვაა, რაც არავის შერჩება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და განცხადებას ავრცელებს. 

"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ პოლიციის თანამშრომლის, ბექა მარგიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. იგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დამნაშავის ტყვიამ იმსხვერპლა. პატივს მივაგებ მის ხსოვნას. ვიზიარებ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას, თანავუგრძნობ პოლიციის მთელ პირად შემადგენლობას.

მძიმედ არის დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი.

პოლიციელის მკვლელობა სახელმწიფოს მიმართ ხელის აღმართვაა, რაც არავის შერჩება! ეს საზარელი დანაშაული აუცილებლად გაიხსნება და დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შსს-ს ისან-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა.

"მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დამნაშავე პირის დადგენა-დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს", - ნათქვამია შსს-ს ანცხადებაში.