საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ოჯახებზე ზრუნვა უწყების ყოველდღიური საფიქრალია.
როგორც „პირWელს“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, სწორედ ამის გამო 2008 წლის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ფრაგმენტების დაკრძალვის ცერემონიალთან დაკავშირებით უწყების მიმართ გაჟღერებული ბრალდებები მიუღებელია.
„2 აპრილს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი გაიხსნა. მოგვიანებით, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. ამის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ და გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართეს თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან.
ორმხრივი შეხვედრების დასრულების შემდეგ, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მთავრობის კანცელარიაში გამართეს შეხვედრა, რომლის შემდეგაც მინისტრებმა გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს და გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
ამავე დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული 42 სამხედროს ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვის ღონისძიებას, თავდაცვის სამინისტროდან ესწრებოდნენ: თავდაცვის მინისტრის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი, სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები - ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, პოლკოვნიკები რომან ჯოხაძე და გიორგი კბილცეცხლაშვილი, სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან მიღებული წერილის თანახმად, 2008 წელს, საბრძოლო მოქმედებების დროს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ფრაგმენტები, რომელთა საშუალებითაც მოხდა იდენტიფიცირება „დნმ“-ის ანალიზის საშუალებით, აღარ ექვემდებარებოდა შემდგომში მათთან შენახვას და საჭირო იყო გადაწყვეტილების მიღება.
გენერალური შტაბის ხელმძღვანელობამ გაიარა სათანადო კონსულტაციები როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე სასულიერო პირებთან, გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით განისაზღვრა შეტყობინების ჯგუფი, რომელმაც მოახდინა ყველა (42) სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრების ინფორმირება.
ვინაიდან 42-ვე სამხედრო მოსამსახურის ცხედარი უკვე მიბარებული იყო მიწას და ყველა აუცილებელი წესიც (სამხედრო პატივით და ზალპით დაკრძალვა) დაცული იყო მათი დაკრძალვის დღეს.
მოძღვრის რჩევით, ამჯერად წესის აგება არ ჩატარდა და მოხდა მხოლოდ მათი სულების მოსახსენებელი პანაშვიდის გადახდა. სხეულის ფრაგმენტების ჩასასვენებელი საფლავამდე საპატიო ყარაულმა მიაცილა.
ეს არ იყო ნეშტის დაკრძალვის ცერემონია, განხორციელდა მხოლოდ დაღუპული გმირების ფრაგმენტების ძმათა სასაფლაოზე მიწას მიბარება. თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახის წევრებისთვის ყველა ასეთი პროცესი ძალიან მძიმეა, გადაწყდა, რომ მას მხოლოდ ოჯახის წევრები, სასულიერო პირები და თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნები დაესწრებოდნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს სამშობლოსათვის თავდადებული გმირების პატივისცემა, მათ ოჯახებზე ზრუნვა.
სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან არასდროს რჩება ყურადღების მიღმა მათთან დაკავშირებული უმნიშვნელო საკითხებიც კი. თავდაცვის მინისტრი ფაქტიურად პირადად იცნობს ამ ოჯახების წარმომადგენლებს და ამიტომაც, უწყებისთვის მიუღებელია გაჟღერებული ბრალდებები უპატივცემულობასა და უყურადღებობასთან დაკავშირებით. ვერ და არ მივიღებთ ამ ბრალდებას, ვინაიდან სწორედ გმირების ოჯახებზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიური საფიქრალია“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.
2 აპრილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული 42 ქართველი სამხედროს ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვას მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო.
ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, ორი დღის წინ აგვისტოს ომის დროს დაღუპული 42 ქართველი სამხედროს ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვის თაობაზე ის ინფორმირებული არ ყოფილა.
აღნიშნულ საკითხს და დაკრძალვაზე თავდაცვის მინისტრის არყოფნის ფაქტს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეც გამოეხმაურა. გია ვოლსკის განცხადებით, მინდია ჯანელიძე პატრიოტია და მის მიმართ უარყოფითი პოზიციის ჩამოყალიბება ხელოვნურად შექმნილი თემაა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ქართველი ჯარისკაცების ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვის შესახებ ძალიან გვიან გაიგეს.
"საკითხს ასე ნუ სვამთ, მგონი, ყველანი დამეთანხმებით, რომ ჩვენ არც ერთი ღონისძიება არ გამოგვიტოვებია. სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო არაორგანიზებულობის ბრალი. წინასწარ არ იქნა შეტყობინებული არც მთავრობისთვის, ჩემმა ოფისმა ძალიან გვიან გაიგო. ვიცოდით, რომ პრეზიდენტი ესწრებოდა და ძალიან გვიან გავიგეთ ამის თაობაზე. რა თქმა უნდა, მეც დავესწრებოდი და ყველაც", - განაცხადა ღარიბაშვილმა.