პრეზიდენტმა პირადი კომუნიკაციით გაიგო მუხათგვერდში დაკრძალვის შესახებ და გადაწყვიტა მას დასწრებოდა

პრეზიდენტმა პირადი კომუნიკაციით გაიგო მუხათგვერდში დაკრძალვის შესახებ და გადაწყვიტა მას დასწრებოდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან გახდა მათთვის ცნობილი მუხათგვერდის სასაფლაოზე 42 ქართველი ჯარისკაცის ცხედრის ფრაგმენტის დაკრძალვის შესახებ ინფორმაცია.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით მათ თავდაცვის სამინისტროსგან ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღიათ და დაკრძალვის თაობაზე პრეზიდენტმა პირადი კომუნიკაციის გზით შეიტყო.

"სამხედროების ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვასთან დაკავშირებით ოფიციალური ცერემონია დაგეგმილი არ იყო, თუმცა პრეზიდენტმა პირადი კომუნიკაციით გაიგო ეს ამბავი და გადაწყვიტა დაკრძალვას დასწრებოდა", – განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 42 ქართველი ჯარისკაცის ფრაგმენტი 2 აპრილს დაკრძალეს.