უმრავლესობა დროებითი კომისიის შექმნის შესახებ

უმრავლესობა დროებითი კომისიის შექმნის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" მოთხოვნას, სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობა საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მემორანდუმის საკითხზე დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის თაობაზე "თავისუფალი დემოკრატების" მოთხოვნას , სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერს. ამის შესახე ჟურნალისტებს კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ განუცხადა. 

მისივე შეფასებით, ალასანიას გუნდის აღნიშნულ მოთხოვნას "საქმიანი საფუძველი" არ გააჩნია და მას პოლიტიკური სკანდალის ფორმა აქვს.
 

"არამგონია, ამას საქმიანი საფუძველი ჰქონდეს. მას უფრო პოლიტიკური სკანდალის ფორმა აქვს. სავარაუდოდ დროებითი კომისიის შექმნას უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს. ყოველ შემთხვევაში ჩემი ფრაქცია წინააღმდეგი იქნება", - განაცხადა ვოლსკიმ. 

რაც შეეხება ზოგადად აღნიშნულ მემორანდუმთან დაკავშირებით "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის შეფასებით, ირაკლი ალასანია დადგენილ ზღვარს გასცდა იმის თაობაზე, რომ რიგ თემაზე კამერებთან საუბარი არ შეიძლება. 

"თავად მემორანდუმი, როგორც საფრანგეთის ელჩმა განმარტა, არ არის თარიღებით ან რაიმე ვალდებულებებით აღსავსე დოკუმენტი. ამ თემაზე ვფიქრობ, ძალიან აწეულია ტემპერატურა. ეს ისევ პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდება. რასაკვირველია, არსებობს თემები, რომლებზეც კამერასთან და რადიოში არ შეიძლება საუბარი. ვფიქრობ, ირაკლი ალასანია გარკვეულწილად ამ ზღვარს გადასცა", - აღნიშნა ვოლსკიმ.

"თავისუფალმა დემოკრატებმა" საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მემორანდუმის საკითხზე დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას გუშინ მოითხოვეს.