ხვალიდან სოციალურად დაუცველთა ქულების დათვლის ახალი სისტემა სატესტო რეჟიმში ამოქმედდება

ხვალიდან სოციალურად დაუცველთა ქულების დათვლის ახალი სისტემა სატესტო რეჟიმში ამოქმედდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ახალი სისტემით დაახლოებით 5 ათასზე მეტი ბენეფიციარი შემოწმდება, საბოლოოდ კი ახალი პროგრამა ეტაპობრივად დაინერგება.

სოფრომაძის თქმით, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, ახალი სისტემით სოციალურად დაუცველთა პროგრამაში ახლადჩართული და ის ბენეფიციარები შემოწმდებიან, რომლებიც მასში აქამდეც იყვნენ ჩართულები, თუმცა ამ მხრივ გარკვეული პრობლემები არსებობდა.

"პრინციპები უკვე განსაზღვრულია. თვითონ შეფასების სიტემაში მაქსიმალურად შემცირებულია ის ინსტრუმენტები, როდესაც გადაწყვეტილების მიღება, რაღაც სუბიექტურ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული. ანუ სოციალურ აგენტს დამოუკიდებლად არ ექნება იმის უფლება, რომ თვითონ დანიშნოს ან მოხსნას სოციალური დახმარება, რისი პრეცენდენტებიც იყო", - განაცხადა სოფრომაძემ.

მისნიტრის მოადგილის განმარტებით, შეფასების ახალ სისტემაში, გარკვეული ტიპის ნივთების ქონა-არ ქონა, ისეთების როგორიცაა მაცივარი, ტელევიზორი და სხვა, ქულების რაოდენობაზე გავლენას აღარ მოახდენს.

"შეფასებისას მთავარი ამოსავალი წერტილი იქნება ის ქონება, რომელსაც მოქალაქისთვის გარკვეული შემოსავალი მოაქვს. პროგრამა ასევე ბავშვზე ორიენტირებული ხდება. ანუ ოჯახები, რომლებიც სოციალური დახმარების მიმღებები ხდებიან, მათ დამატებითი ბენეფიტები იმის მიხედვით დაემატებათ, თუ რამდენი ბავშვი ჰყავთ ოჯახში. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და კერძოდ "იუნისეფის" შეფასებით, ახალი პროგრამის ამუშავების შემდეგ, უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ბავშვების რაოდენობა თითქმის განახევრდება. ასევე მნიშვნელოვანი მომენტია, რომ დახმარებები დიფერენცირებული ხდება. ანუ დახმარების შედარებით მეტ რაოდენობას მიიღებს ის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება და შესაბამისად ყველაზე ნაკლებ ქულას დააგროვებს. ამასთანავე იმატებს ქულების რაოდენობა, რომლის ფარგლებში დახმარების დანიშვნა ხდება. ახლავე შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ეს უფრო მოქნილი და ობიექტური სისტემა იქნება", - განაცხადა სოფრომაძემ.