საქსტატის მონაცემებით, 2014 წელს საქართველოში შობადობა 4.8%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2014 წელს საქართველოში შობადობა 4.8%-ით გაიზარდა

2010 წლის შემდეგ, გასულ წელს, შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. გაიზარდა ასევე მესამე და მომდევნო შვილის წილი.

”საქსტატის” ინფორმაციით, 2008 წლიდან ცოცხლად დაბადებულთა რიგითობის განაწილებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება. დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში გაიზარდა მესამე და მომდევნო შვილების წილი, პირველი შვილის წილი კი შემცირდა (მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით რაოდენობრივი მაჩვენებელი გაიზარდა), ხოლო მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა. ეს ტენდენცია 2014 წელსაც გაგრძელდა და წინა წელთან შედარებით პირველი შვილის პროცენტული წილი 1,8 პუნქტით შემცირდა, მესამე და მომდევნო შვილის წილი 1,7 პუნქტით გაიზარდა, ხოლო მეორე შვილის წილმა უმნიშვნელოდ – 0,1 პუნქტით – მოიმატა.

2014 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 25 წლამდე ასაკის დედების მიერ შობილი ბავშვების წილი 42,6 პროცენტიდან 40,7 პროცენტამდე შემცირდა.

2014 წელს დედის საშუალო ასაკმა პირველი ბავშვის დაბადებისას 24,5 წელი შეადგინა.