რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 2015 წლის სექტემბერში შესაძლოა, გაერო-ს გენერალურ ასამბლეას დაესწროს და სიტყვით გამოვიდეს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა "კომერსანტს" პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა დაუდასტურა.
პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი გეგმავს ნიუ-იორკში გამგზავრებას, თუმცა, ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის.
"საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. გენერალური ასამბლეის სესიაზე დასწრება იგეგმება" , - განაცხადა პესკოვმა.
პუტინი გენერალურ ასამბლეაზე ბოლოს 2005 წელს გამოვიდა, მას შემდეგ რუსეთის სახელით ასამბლეას ხან დიმიტრი მედვედევი, ხან კიდევ საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ესწრებოდა.
წელს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70 წლის იუბილეა, რის გამოც ასამბლეას სექტემბერში მსოფლიოს ლიდერების უმრავლესობა დაესწრება, პირველად ბოლო 20 წლის მანძილზე, ნიუ-იორკში ამ დღისთვის ჩავა რომის პაპიც.