სოზარ სუბარი - ირაკლი კორძაიას არ აქვს საფუძველი, დაუსაბუთებელი განცხადებები გააკეთოს

სოზარ სუბარი - ირაკლი კორძაიას არ აქვს საფუძველი, დაუსაბუთებელი განცხადებები გააკეთოს

ირაკლი კორძაიას არ აქვს საფუძველი,  გააკეთოს დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო განცხადებები, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.
მინისტრის თქმით, ესმის იმ ადამიანების, ვინც ბესო ხარძიანის მეგობარი იყო, თუმცა ეს მათ არ აძლევს უფლებას, დაუსაბუთებელი განცხადებები გააკეთონ. "მესმის იმ ადამიანების, ვინც ეს განიცადა, თუმცა როდესაც საქმეზე შეფასებებს ვაკეთებთ, არ შეიძლება, უპასუხისმგებლოდ დავწამოთ ცილი იმ ადამიანებს, რომელთაც არანაირი კავშირი ამ საქმესთან არ აქვთ და არ შეიძლება ჰქონოდათ", - აღნიშნა სუბარმა. 

მინისტრმა ბესო ხარძიანის საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ თავად ხარძიანი მისი ქონებისა და უკანონოდ დაკავების საქმესთან დაკავშირებული გამოძიების მსვლელობით კმაყოფილი იყო. 

"კარგად ვიცი, რომ მთლიანობაში მის საქმეზე გამოძიება მიდიოდა ძალიან კარგად, როგორც მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის და მისი უკანონოდ დაკავების კუთხით, ასევე, მის ქონებასთან დაკავშირებული დავა. ისიც კარგად ვიცი, რომ პრემიერი პირადად საქმის კურსში იყო, იცნობდა ამ საქმის დეტალებს და პირადად იყო დაინტერესებული სამართლიანობა დროულად ყოფილიყო აღდგენილი. ამის შესახებ თვითონ ხარძიანმაც კარგად იცოდა. შესაბამისად, დააკავშირო პრემიერ-მინისტრი და მისი ახლობლები ამ საქმესთან, არასწორი და დაუსაბუთებელი განცხადებაა ირაკლი კორძაიას მხრიდან. ძალიან დიდი ტრაგედიაა, რაც მოხდა, მაგრამ დაწმუნებული ვარ, რომ საქმე დროულად გაიხსნება", - აღნიშნა სოზარ სუბარმა. 

როგორც ცნობილია, ჟურნალისტმა ირაკლი კორძაიამ განაცხადა, რომ მოკლული ბესო ხარძიანის კუთვნილი ქონების დაბრუნების ხელოვნურად შეყოვნების პროცესი მთრავრი პორკურორის ყოფილ მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილსა და პრემიერის ნათესავ ზვიად ჯანყარაშვილს უკავშირდება.