პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრო

პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის, მერაბ ტურავას მიერ ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრო.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თანამდებობის დაკავებამდე ფიცს დებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანდასწრებით. შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლოს  წევრის მერაბ ტურავას ფიცის დადების ცერემონიალს  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დაესწრნენ.

„მე ჩამოვედი ბათუმში იმისათვის, რომ ჩემი პატივისცემა გამოვხატო საკონსტიტუციო სასამართლოსა და ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტში ახალი მოსამარლის განწესების მიმართ. ვულოცავ ბატონ მერაბ ტურავას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობას. მიმაჩნია, რომ ის განსაკუთრებული როლი, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო თამაშობს ქვეყნის გამართულ ფუნქციონირებაში, კიდევ უფრო გაღრმავდება მისი მონაწილეობით ამ უმნიშვნელოვანეს სტრუქტურაში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მერაბ ტურავა საქართველოს პარლამენტმა 20 მარტს 84 ხმით ერთის წინააღმდეგ  საქართველოს პარლამენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე აირჩია.