"აზიის ინვესტირების ბანკის" სახით, საქართველო კიდევ ერთ მსხვილ დონორ ორგანიზაციას შეიძენს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტირების ბანკის" სახით, საქართველო კიდევ ერთ მსხვილ დონორ და პარტნიორ ორგანიზაციას შეიძენს, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტირების ბანკი" ახლა ფუძნდება. ჩვენ გამოვხატეთ სურვილი, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები ამ ბანკთან შეერთებასთან დაკავშირებით. ფინანსთა სამინისტროდან და ჩვენი სამინისტროდან უკვე გამოყოფილია ორი მინისტრის მოადგილე, რომლებიც მათთან მუშაობენ. თუ ეს ასე მოხდება, ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, ვინაიდან საქართველოს კიდევ ერთი ძალიან მსხვილი დონორი ორგანიზაცია შეემატება, როგორც პარტნიორი ორგანიზაცია. დღეს მოხდა ფინანსთა მინისტრის მოადგილესა და ჩემს მოადგილეზე ამ საკითხის დელეგირება. წინა მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ აღნიშნული საკითხი და ვფიქრობ, აუცილებლად უნდა ჩავერთოთ მოლაპარაკებებში. ალბათ, ამას დიდი დრო არ უნდა დასჭირდეს," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.