საქართველოს ხელისუფლების მიმართ პრეტენზია კიდევ ერთ კიდევ ებრაულ კომპანიას აქვს

საქართველოს ხელისუფლების მიმართ პრეტენზია კიდევ ერთ კიდევ ებრაულ კომპანიას აქვს

საქართველოს ხელისუფლების მიმართ პრეტენზია კიდევ ერთ კიდევ ისრაელურ კომპანიას აქვს. "ისრაელის ავიაციის ინდუსტრია" და "ელგად ინვესტმენტ ენდ დეველოპმენტი" მთავრობას მათ საკუთრებაში არსებული ინტელექტუალური საკუთრების სხვა კომპანიისთვის უნებართვოდ გაცემაში ადანაშაულებს.

სადავო გახდა პრემიერ-მინისტრის განკარგულების ერთ-ერთი პუნქტი, რომლითაც მთავრობა სს „თამ" თბილავიამშენის უფლებამოსილებებს, მათ შორის "სუ-25"-ის თვითმფრინავის მოდერნიზაციის ლიცენზიას შპს „თამ მენეჯმენტს" გადასცემს.

საქმე ეხება საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოცემულ 10 მარტის 453-ე განკარგულებას. განკარგულებით „თამ" თბილავიამშენმა შპს „თამ მენეჯმენტს" გადასცა საკუთარი სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლება, ასევე თვითმფრინავების წარმოების, რემონტისა და მოდერნიზაციის სრული ტექნოლოგიური ციკლის უზრუნველყოფისა და სპეცტექნიკის რემონტისათვის აუცილებელი მომსახურების, ასევე, სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, საკონსტრუქტორო და ტექნოლოგიური დოკუმენტაციის გამოყენებასთან დაკავშირებული მომსახურების უფლება.

განკარგულებით „თამ მენეჯმენტს" გადაეცა ბ. ხმელინცკის ქუჩა №181-ში მდებარე და ამავე მისამართზე მდებარე ადმინისტრაციული კორპუსის მე-3 და მე-4 სართულები უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 15 წლის ვადით.

ამავე განკარგულებით, „თამ მენეჯმენტს" კონკრეტული პირობების შესრულებაც მოუწევს. მათ შორის არის: ა) ყოველწლიურად არანაკლებ 25 000 000 ლარის ღირებულების შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული სახის პროდუქციის წარმოება; ბ) მუშა-მოსამსახურეთა დასაქმება ეტაპობრივად - პირველ წელს 100 (ასი) ადამიანის, ხოლო, ყოველ მომდევნო წელს - არანაკლებ 30 (ოცდაათი) ადამიანის დასაქმება; გ) ახალი პროექტების განხორციელება ავიამშენებლობაში, კერძოდ, სუ-25 მოდერნიზაცია, მსუბუქი და ზემსუბუქი საფრენი აპარატების საცდელი ეგზემპლარების დაპროექტება და დამზადება.

დავის საგანი დღეს განკარგულების მესამე (გ) პუნქტია. კომპანია „ელგად ინვესტმენტ ენდ დეველოპმენტის" ხელმძღვანელი მიხაილ მიხაილი „კომერსანტთან" აცხადებს, რომ აღნიშნული განკარგულებით უხეშად დაირღვა როგორც მის კომპანიასა და „თბილავიამშენს" შორის დადებული ხელშეკრულება, ასევე ინტელექტუალური საკუთრების დაცვის უფლებაც.


მიხაილის მტკიცებით, "სუ-25"-ის მოდერნიზაციის უფლება ამჟამად დროებით იმ კომპანაის აქვს, რომელიც სამმხრივი ხელშეკრულების შედეგად არის შექმნილი. დამოუკიდებლად ამ კომპანიას თვითმფრინავების მოდერნიზაციის უფლება არ გააჩნია. ზოგადად კი მოდერნციზაცია ისრაელის მხარეს საკუთრებაა და მას მისი ნებართვის გარეშე ვერავინ გამოიყენებს, დღეს კი მთავრობა ამ ლიცენზიას სრულიად სხვა კომპანიას მესაკუთრე კომპანიის თანხმობის გარეშე გადასცემს.

„ინტელექტუალური საკუთრება ეკუთვნის ისრაელის მხარეს, რომლის გარეშეც ვერასდროს ვერავინ ვერ გაუკეთებს თვითმფრინავს მოდერნიზაციას. ეს არის ისეთი სფერო მრეწველობისა, სადაც სახელმწიფოებრივ დონეზეა აყვანილი მსგავსი შეთანხმებები. არ შეიძლება, რომ რომელიმე მხარემ ინტელექტუალური საკუთრება უნებართვოდ მიითვისოს. ამაზე სახელმწიფოებრივ დონეზე მოეთხოვებათ პასუხი",- აცხადებს მიხაილ მიხაილი.

მისივე თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლებას სურვილი ექნება, შესაძლოა, მოლაპარაკებები საქართველოს ფარგლებს გარეთ არ გასცდეს, მაგრამ თუ კომპანია საკუთარ სიმართლეს აქ ვერ დაამტკიცებს, ამ შემთხვევას უფრო ფართოდ, უკვე საზღვრებს გარეთ განიხილავენ.

„თუ სურვილი ექნებათ საქართველოს პირობებში იქნება მოლაპარაკებებისთვის მიღწეული, თუ არადა იქნება სხვაგან დაცული სიმართლე, სადაც უფრო მკაცრი იქნება განაჩენი, რაც არ მინდა. მე ვარ ადამიანი, რომელიც დავიბადე საქართველოში, აქ ჩემი ფესვებია და უსინდისო სიკვდილს არ ვაპირებ. არ მინდა ამის გაკეთება",- აცხადებს მიხაილ მიხაილი და აღნიშნავს, რომ თუ ისრაელის მხარე იძულებული გახდება, მიმართავს ყველა კანონიერ ძალას.


„ამ ყველაფრის შექმნაში არის უზარმაზარი თანხა და სამუშაო ჩატარებული, დახარჯულია დრო. ეს დანაშაულია უკვე, ეს გასცდა უბრალო გადაცდომის ფარგლებს",- აცხადებს მიხაილ მიხაილი.

მისივე ინფორმაციით, სუ-25-ის მოდერნიზაციის შესახებ ხელშეკულება „თბილავიამშენთან" 2000 და 2004 წლებში აქვთ დადებული.

„თბილავიამშენი" სახელმწიფომ უკან 2010 წელს დაიბრუნა, მანამდე კი მას სხვადასხვა აქციონერები და პარტნიორები ჰყავდა. სხვათა შორის პანტიკო თორდია, რომელიც „თბილავიამშენის" მფლობელი იყო, დღეს იმ კომპანიის დირექტორია, რომელსაც „თბილავიამშენის" ლიცენზიები გადაეცა.