ბიზნესმენის მკვლელობა ქალაქის ცენტრში – აცნობიერებს თუ არა ხელისუფლება პასუხისმგებლობას?

ბიზნესმენის მკვლელობა ქალაქის ცენტრში – აცნობიერებს თუ არა ხელისუფლება პასუხისმგებლობას?

რამდენიმე წელია მოქმედი ხელისუფლება ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნით აპელირებს. „ბიზნესს უნდა მოვეფეროთ“ ,– ეს განცხადება ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გააკეთა. ბიზნესისთვის ხელსაყრელი პირობების აუცილებელი შემადგენელი ნაწილი უსაფრთხო და სამართლებრივი გარემოა.

თუმცა ბოლო პერიოდში უკვე მეორე გახმაურებული მკვლელობა მოხდა – იური ვაზაგაშვილის შემდეგ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს კლავენ.

ამ ორ მკვლელობას შორის საერთო ისაა, რომ ორივე მათგანი „სამართლიანობის აღდგენის“ პროცესს უკავშირდება. 

ბესიკ ხარძიანი „კომერსანტს“ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ესაუბრა და განუცხადა, რომ მის საქმეში სიახლეები კვლავ არ არის. კუს ტბის წილების დაბრუნების მიუხედავად, მას სასამართლო დავა ჰქონდა და დაგეგმილი ბიზნესპროექტების განხორციელებას ამის გამო ვერ იწყებდა. შაბათს კი იგი საკუთარი სახლის სადარბაზოსთან, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

უამრავი მოქალაქე, მათ შორის ბიზნესმენი – რომელთა შორისაც არაერთი პოლიტპატიმრის სტატუსითაა განთავისუფლებული – დღემდე ელოდება სამართლიანობის აღდგენას. 

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ეს ადამიანები უკვე საუბრობენ იმედგაცრუებაზე ხელისუფლებისადმი, ხარძიანის მკვლელობის შემდეგ კი არის საფრთხე, მათ საბოლოოდ გადაეწუროთ სამართლიანობის რეალურად აღდგენის იმედები. ეს კი საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის სოციალურ სტაბილურობას, ისე ბიზნესის განვითარებას. ასეთი საფრთხეების შესახებ უკვე საუბრობენ ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენები – დავით ბეგიაშვილი, ჯემალ ლეონიძე და ბაკურ კიღურაძე. ისინი მომხდარს ხელისუფლების უმოქმედობის შედეგად აფასებენ და აფრთხილებენ მას, რომ სათანადო რეაგირების გარეშე პროცესები შესაძლოა, ქუჩაში გადავიდეს და სახელმწიფოსადმი იმედგაცრუებულმა ადამიანებმა სამართლის ძიება საკუთარი ძალებით დაიწყონ. 

„კომერსანტი“ მოუწოდებს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სამართალდამცველ ორგანოებს, მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიოს ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმე. ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია, ხელისუფლებამ დაარწმუნოს საზოგადოება საკუთარ ქმედუნარიანობასა და „სამართლიანობის აღდგენის“ პოლიტიკურ ნებაში, იმაში, რომ მას რეალურად სურს და ყველაფერს აკეთებს სამართლიანობის აღდგენისთვის და არ შეიქმნას ვითარება, როდესაც ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფო ვერ იცავს, სამართლიანობის აღდგენის საკუთარ გზებს მიმართავენ. 

ბესიკ ხარძიანის მკვლელობაზე ხელისუფლების ერთერთი პირველი რეაგირება ის იყო, რომ „მთავრობისა და პრემიერის მიზანმიმართულ დისკრედიტაცია “ გააპროტესტა და განაცხადა, რომ „დაუსაბუთებელი ბრალდებები“ მისთვის მიუღებელია. 

ასე უპასუხა მთავრობის ადმინისტრაციამ განცხადებებს იმის შესახებ, რომ ხარძიანის ქონების დაბრუნება ამჟამინდელი ხელისუფლების ყოფილი წარმომადგებლების მიზეზით ჭიანურდებოდა.

ამ განცხადებების პასუხად, მთავრობა თავის მართლების პოზიციაში ჩადგა იმის მაგივრად, რომ მთელი აქცენტი საქმის ობიექტურ გამოძიებაზე გადაეტანა. მის მიმართ გაჟღერებული აღნიშნული ბრალდებები კიდევ უფრო ზრდის ხელისუფლების პასუხიმგებლობას, ობიექტური პასუხები გასცეს საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას.

ამ გარემოების გათვალისწინებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საქმე დროულად და ობიექტურად იყოს გამოძიებული, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მომხდარზე პასუხისმგებლობა გარკვეულწილად რჩება ხელისუფლების მხარეს, რადგან მან ვერ მოახდინა სამართლებრივი გარემოს იმ დონეზე უზრუნველყოფა, რომ „სამართლიანობის აღდგენა“ კანონიერი სივრცის გარეთ არ გასულიყო. 

ასეთ პირობებში გადამწყვეტი სიტყვა ხელისუფლებას ეკუთვნის, რომელმაც საკუთარი ქმედებებით ნებისმიერი ეჭვი უნდა გააქარწყლოს.