ირაკლი კორძაია ჯანყარაშვილსა და უდესიანს სასამართლოში უპასუხებს

ირაკლი კორძაია ჯანყარაშვილსა და უდესიანს სასამართლოში უპასუხებს

ირაკლი კორძაია მის წინააღმდეგ საჩივრებს დაელოდება და ჯანყარაშვილსა და უდესიანს სასამართლოში უპასუხებს, - ამის შესახებ კორძაიამ ჯანყარაშვილის ადვოკატის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ თუკი კორძაია ერთი კვირის ვადაში ვერ წარმოადგენს მტკიცებულებებს იმ ბრალდებებზე, რომელიც გამოთქვა ჯანყარაშვილის წინააღმდეგ, სასამართლოში საჩივრით შევა.

ირაკლი კორძაიას განცხადებით, უდესიანს და ჯანყარაშვილს ერთ კონტექსტში განიხილავს და მათ ურჩევს, "ფული დაზოგონ და ერთი ადვოკატი აიყვანონ".

"მაქვს ერთადერთი პასუხი ჯანყარაშვილისა და უდესიანისთვის, ასევე მათი ადვოკატებისთვის. ველოდი იმას, როცა ისინი შეთანხმდებოდნენ, ცალ-ცალკე ჩემზე დასარტყმელად. ერთადერთი რჩევა მაქვს, მათ ძალიან უყვართ ფული, დაზოგონ ფინანსები და ერთი საერთო ადვოკატი აიყვანონ. მოუთმენლად ველოდები, როდის შეიტანენ სარჩელს ჩემს წინააღმდეგ. მათ მე ვერ ვყოფ. როდესაც ჯანყარაშვილს ვამბობ, ვგულისხმობ უდესიანს და პირიქით. ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან კი მექნებოდა ერთი რჩევა: კომპარტიის დროშასავით ხელიდან ხელში ნუ გადავა. მიჩივლონ და გავცემ პასუხს", - განაცხადა ირაკლი კორძაიამ.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილისგანაც გაისმას მსგავსი განცხადებები.

"შესაძლოა, მათ ნაცვლიშვილიც შეუერთდეს ისევე, როგორ თამაზაშვილი და ზედელაშვილი. ველოდები მოუთმენლად ჩემს წინააღმდეგ სარჩელს", - განაცხადა ირაკლი კორძაიამ.

მოკლული ბესო ხარძიანის მეგობარი ირაკლი კორძაია ხარძიანის კუთვნილი ქონების დაბრუნების ხელოვნურად შეყოვნების პროცესს ლაშა ნაცვლიშვილსა და ზვიად ჯანყარაშვილს უკავშირებს. ამის შესახებ ირაკლი კორძაიამ "იმედის" ეთერში განაცხადა.

"რაც შეეხება საქმის განვითარებას, 2012 წელს, როდესაც ბესო ხარძიანი გამოვიდა ციხიდან, როდესაც გაჩნდა იმედი, რომ ბიზნესმენებს, მათ შორის ბესო ხარძიანს, დაუბრუნდებოდათ მათი კუთვნილი ქონება, გია უდესიანის გვარის გარდა ამ საქმეში, მართალია ფარულად, მაგრამ გამოჩნდა სხვა გვარებიც. ეს გვარები არიან, ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ხელოვნურად აყოვნებდა ამ პროცესს. ეს არის ბატონი ჯანყარაშვილი, რომელსაც აქვს პირდაპირი ბიზნესინტერესები ბატონ უდესიანთან და სწორედ ეს იყო ის დაბრკოლება", _ განაცხადა კორძაიამ.

ირაკლი კორძაიას განაცხადებით, ახლობლების, მეგობრების, ვარაუდები პირდაპირ მიდის გია უდესიანთან.

"ვინც ბესო ხარძიანს კარგად იცნობს, მას პირადი მტრები არ ყოლია. ერთადერთი მტერი რომელიც მას ყავდა ეს იყო გიორგი უდესიანი, რომელიც არ არის საქართველოში", _ დასძინა კორძაიამ.

ბესო ხარძიანი მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით თავის, გულმკერდისა და მუცლის მიდამოში გადაუდებელი მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა.