ზვიად ჯანყარაშვილი გია უდესიანთან კავშირის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს რამდენიმე დღეში თავად უპასუხებს

ზვიად ჯანყარაშვილი გია უდესიანთან კავშირის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს რამდენიმე დღეში თავად უპასუხებს

პარტია "ქართული ოცნების" ყოფილი აღმასრულებელი მდივანი ზვიად ჯანყარაშვილი გია უდესიანთან ბიზნესპარტნიორობის შესახებ გავრცელებულ ბრალდებებს რამდენიმე დღეში თავად უპასუხებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანყარაშვილის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს განუცხადა.

"რამდენიმე დღეში უკვე თავად ჯანყარაშვილი წარსდგება საზოგადოების წინაშე და უპასუხებს ყველა ბრალდებას", - განაცხადა გაბუნიამ.

გია უდესიანისა და ზვიად ჯანყარაშვილის ბიზნესპარტნიორობის შესახებ ჟურნალისტი ირაკლი კორძაია საუბრობს, რომლის მტკიცებითაც, ბიზნესმენ ბესო ხარძიანისთვის ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებულ გამოძიებას სწორედ ზვიად ჯანყარაშვილი უშლიდა ხელს. როგორც ცნობილია, მოკლული ბესიკ ხარძიანის ოჯახი მკვლელობაში სწორედ გია უდესიანს ადანაშაულებს.

ამასთან, ადვოკატის თქმით, გამორიცხული არ არის, ჯანყარაშვილმა კორძაიას წინააღმდეგ სასმართალდამცავ უწყებებს მიმართოს.

რაც შეეხება ზვიად ჯანყარაშვილს, იგი ბოლოს პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი იყო, თუმცა დანიშვნიდან მალევე პარტიიდან წავიდა. იქამდე ჯანყარაშვილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა ეკავა. შსს მან გასული წლის აპრილში დატოვა, რის მიზეზად ის გარემობა დაასახელა, რომ "არ სურდა აღნიშნულ თანამდებობაზე მის ყოფნას უხერხულობა გამოეწვია და საზოგადოებას რაიმე სახის შეკითხვა დარჩენოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მისი ნათესაობის გამო".