ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი მთავარ პროკურორს მიმართავს

ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი მთავარ პროკურორს მიმართავს

ბესიკ ხარძიანი დღევანდელი ხელისუფლების ნასროლი ტყვიით არის მოკლული,- ამის შესახებ ხარძიანის მეგობარი ვალერი შოშიაშვილი საუბრობს. მისი განმარტებით, ხარძიანის მკვლელობა იმის შედეგია, რომ დღევანდელი ხელისუფლება "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოაბიტაციურ რეჟიმში იმყოფება. ბიზნესმენი შოშიაშვილი პროკურატურას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს და დამნაშავეთა დასჯას ითხოვს.

"დღევანდელი მთავრობა "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოაბიტაციურ რეჟიმშია შესული და ეს მკვლელობაც ამის შედეგია. ეს მესიჯი ვფირობ, მიმართულია იმისკენ, რომ წინა ხელისუფლების დროს დაზარალებული ბიზნესმენები გავჩუმდეთ და არაფერი ვთქვათ "ნაციონალური მოძრაობის" დროს მიყენებულ ტკივილსა და ზარალზე", - განაცხადა ბიზნესმენმა ვალერი შოშიაშვილმა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შოშიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის პროკურატურის საქმიანობითაც უკმაყოფილოა და მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს მოუწოდებს, საგამოძიებო უწყება ძველი კადრებისგან გაწმინდოს.

ვალერი შოშიაშვილის პროკურატურისადმი მიმართვას უერთდება ადვოკატთა ალიანსი. ადვოკატთა ალიანსის წარმომადგენლის ომარ მარგველაშვილის თქმით, ორგანიზაცია პროკურატურისგან ითხოვს, საგამოძიებო უწყებამ პრიორიტეტების მიხედვით განსაზღვროს საქმეები.

"საჭიროა პროკურატურამ პრიორიტეტების მიხედვით გამოიძიოს საქმეები. თავდაპირველად განიხილოს ის საქმეები, სადაც წარსულში თუ აწმყოში მაღალჩინოსნები იმხილებიან", - განაცხადა ომარ მარგველაშვილმა.

ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი ცეცხლსასროლი ჭრილობებით, გადაუდებელი მედიცინის ცენტრში 2 დღის წინ გარდაიცვალა.