ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენები –ბესიკ ხარძიანის მკვლელობა ხელისუფლების უმოქმედობის შედეგია

ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენები –ბესიკ ხარძიანის მკვლელობა ხელისუფლების უმოქმედობის შედეგია

დაზარალებული ბიზნესმენები ბესიკ ხარძიანის მკვლელობას ხელისუფლების უმოქმედობას უკავშირებენ.

„მაგნატის“ დამფუძნებლის ჯემალ ლეონიძის განცხადებით, ხარძიანის მკვლელობის შემდეგ იქმნება სერიოზული საფრთხე, რომ პროცესები „ქუჩაში გადავიდეს“ და ქვეყანაში ვითარება დაიძაბოს.

„პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო ბესიკის ოჯახს, მის მეუღლეს, რომლებსააც კარგად ვიცნობდი. ცუდია, რომ ასეთი შემთხვევები ხდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში და ამას მიზეზი აქვს ის, რომ უსამართლობა იყო ჩვენს ქვეყანაში ერთ დროს და არც დღესაა ამ მხრივ საქმე კარგად. ხარძიანის მკვლელობა არ გაანელებს პროცესებს, პირიქით, დააჩქარებს, აანთებს კოცონს, ცეცხლს და ქვეყანაში ძალიან ცუდი ვითარება შეიქმნება. ალბათ ასე იქნება – ვინ ვის მოერევა, და ასე დამთავრდება ყველაფერი, რაც უკავშირდება ქონებების დაბრუნებას, სამართლიანობის აღდგენას. ეს პირველი შემთხვევა არ არის. აგერ ვაზაგაშვილის ამაზრზენი და ტრაგიკული სიკვდილი. ახლა ხარძიანი და შემდეგი ვინ ეყოლებათ მიზანში, ალბათ გეგმა უკვე დაწყობილი აქვთ. ხალხი ფიქრობს, რომ ხელისშემშლელი არავინ არ არის, და ეს არის მთავარი,“ – აცხადებს ლეონიძე.

რაც შეეხება ხელისუფლების რეაგირებას მომხდართან დაკავშირებით, „მაგნატის“ დამფუძნებლის თქმით, სათანადო რეაგირება არ მომხდარა, ის მოუწოდებს ხელისუფლებას, მოაგვაროს ქონებების დაბრუნების საკითხი, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესები გადავა ქუჩაში და „ძალიან ცუდად დამთავრდება.“

„არ მინდა კონკრეტული გვარების დასახელება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს საქმეში რამდენიმე გვარი ფიგურირებს, რომლებმაც ჩემს უსამართლობაში მონაწილეობა მიიღეს, პიროვნულ ანგარიშსწორებაში საქმე არ უნდა გადავიდეს, არ უნდა გადაეკიდონ ადამიანები ერთმანეთს. რა დაგვმართა ბოლო 20 წლის განმავლობაში ზვიადისტებთან ურთიერთობამ, თუნდაც პარტიულმა დაპირისპირებამ? ახლა ქონებრივ უსამართლობასთან დაკავშირებით პროცესები ძალიან ცუდ სახეს მიიღებს. ამიტომ ჩემი მოწოდებაა, რომ ჩემნაირ დაზარალებულებს ზარალი უნდა აუნაზღაუროს სახელმწიფომ, თუ უნდა, რომ ეს კოცონი ჩაცხრეს და უარესი და უარესი შემთხვევები არ მოხდეს,“ – აღნიშნავს ლეონიძე, რომლის საქმე გამოძიებულია, თუმცა პროკურატურას დაზარალებულად არ უცვნია.

ლეონიძე აცხადებს, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა – ვისაც ჰქონდა საშუალება, მხარესთან სასამართლოში შესულიყო, გარკვეულ შედეგებს მიაღწია და ამ კუთხით დადებითი პროცესებია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ხამნდაზმულობის გამო სამოქალაქო წესით სასამამართლო საქმეს განსახილველად არ იღებს და სწორედ ესაა, ლეონიძის თქმით, ყველაზე მწვავე პრობლემა.

„პროკურატურაში რად მინდა დავა? კონკრეტული პირების დაჭერა არ მინდა. მე ჩემი ქონების დასაბრუნებლად ვდაობ და არა იმ მიზნით, რომ ვინმეს სისხლის სამართლის სასჯელი შეეხოს,“ – აცხადებს ლეონიძე.

„ნიბა ინვესტის“ თანადამფუძნებლის ბაკურ კიღურაძის შეფასებით, ის და სხვა ბიზნესმენები აფრთხილებდნენ ხელისუფლებას, რომ პროკურატურის ასეთი უმოქმედობა დაპირისპირებულ მხარეთა შორის ურთიერთობათა გამწვავებას და სისხლისღვრას გამოიწვევდა.

„აკი ვაფრთხილებდით ხელისუფლებას რომ პროკურატურის ასეთი უმოქმედობა დაპირისპირებულ მხარეთა შორის ურთიერთობათა გამწვავებას და სისხლისღვრას გამოიწვევდა, სამწუხაროდ ახდა - ვაზაგაშვილი, ხარძიანი, ნეტავ ვინ იქნება შემდეგი და ვინ არის პასუხისმგებელი ყოველივე ამაზე. გრძნობს კი ხელისუფლება პასუხისმგებლობას და კიდევ რამდენი სისხლი უნდა დაიღვაროს რომ იგრძნოს რომ, დაუშვებელია ანტიკონსტიტუციური ქმედება, დაუშვებელია კანონის უგულველყოფა და დანაშაულის დაფარვა, ეს კიდევ უფრო მძიმე დანაშაულია და კიდევ უფრო მძიმე შედეგებით?

გაიგეთ ეს, არა მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ვკიჟინებთ მოთხოვნას სამართლიანობის აღდგენისათვის არამედ ქვეყნის, მამულის, სამშობლოს არსისიდან და ინტერესებიდან გამომდინარე.

გაიგეთ ეს!

რა ფორმა მოვძებნოთ სხვა რომ გაგაგებინოთ, მთავრობას, პროკურატურას, პოლიციას, სასამართლოს, რომ ეს უმნიშვნელოვანესია, ხომ გამოაცხადეთ თებერვლიდან ზრუნვა სამართლიანობის აღდგენისათვის, მარტი დამთავრდა სად არის შედეგი? ცუდად დამთავრდება ეს ამბავი იცოდეთ!“ – წერს კიღურაძე “ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა მომხდართან დაკავშირებით ბიზნესმენმა დავით ბეგიაშვილმა, რომლის თქმით, შემსრულებელმა შეასრულა მკვლელობა, მაგრამ ბრალი ამ ტრაგედიაში ხელისუფლებას მიუძღვის.

ბეგიაშვილი განმარტავს, რომ ხელისუფლებამ ვერ გამოიჩინა სათანადო აქტიურობა „ქონებაჩამორთმეული“ მოქალაქეების საქმეებისადმი, გარდა ამისა, ის საკმაოდ ლოიალურია ოპოზიციის, კერძოდ ნაციონალური მოძრაობის ქმედებების მიმართ და მესამე - სამართალდამცველ სტრუქტურებსა და ეკონომიკურ ბლოკში არაპროფესიონალი კადრები არიან, რომლებიც მათ წინაშე დასმულ ამოცანებს ეფექტურად და დროულად ვერ ართმევენ თავს.

ბეგიაშვილი მომხდარს უწოდებს „პოლიტიკური კრიმინალის მიერ ჩადენილ ტერაქტს სამართლიანობის წინააღმდეგ.“

„ხელისუფლების მიმართ საზოგადოებაში ნიჰილიზმია. შემიძლია გითხრათ, რომ როგორც იური ვაზაგაშვილის, ისევე ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ხელისუფლებას ვადანაშაულებ მისი უმოქმედობის გამო,“ - აცხადებს ბეგიაშვილი  და ამბობს, რომ იმ შემთხვევებშიც, როდესაც ბიზნესმენებმა ქონება დაიბრუნეს, ბევრი რამ გაურკვეველია. „ჩვენი მხრიდან სამართლიანობის აღდგენის პროცესისადმი ნიჰილიზმი არ იქნება და ამ პროცესს საზოგადოებასთან ერთად, აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე,“ - აღნიშნავს დავით ბეგიაშვილი. 

ბესიკ ხარძიანზე თავდასხმა შაბათს მოხდა. ბიზნესმენი მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობებით თავის, გულმკერდისა და მუცლის მიდამოში გადაუდებელი მედიცინის ცენტრში შაბათსვე გარდაიცვალა.