ჩვენი მოცემულობაა არცთუ ჰომოგენური პარლამენტი და არცთუ ჰომოგენური უმრავლესობა

ჩვენი მოცემულობაა არცთუ ჰომოგენური პარლამენტი და არცთუ ჰომოგენური უმრავლესობა

ჩვენი მოცემულობაა არცთუ ჰომოგენური პარლამენტი და არცთუ ჰომოგენური უმრავლესობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისთვის დაწესებული სამმეოთხედიანი კვორუმის გამო, შესაძლოა, დაწესებული სამმეოთხედიანი კვორუმის საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლეოდეს, მაგრამ უსუფაშვილმა კომისიის წევრებს მაინც სთხოვა, რომ ნუ ექნებათ აღნიშნულთან მიმართებაში პესიმისტური განწყობა.

"ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც კომისიის შიგნითაც და საზოგადოებაშიც არის განსჯა, შეეხება კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელების პროცესში. კერძოდ, იმ უმაღლეს კვორუმს, რაც რამდენიმე წლის წინ იქნა დადგენილი და რომლის ანალოგიც მართლაც მხოლოდ რამდენიმეა მსოფლიოში. საუბარია ერთი მხრივ, სამმეოთხედიან კვორუმზე და ორ განსხვავებულ სესიაზე ორი კენჭისყრის პირობაზე, რაც ნიშნავს პირველ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე კონსესუსის შენარჩუნებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, და ეს არის ერთი მხრივ, ჩვენი მოცემულობა, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენი მოცემულობაა არცთუ ჰომოგენური პარლამენტი და არცთუ ჰომოგენური უმრავლესობა. თავისთავად უმრავლესობა თავისი 87 თუ 88 ხმით, რა თქმა უნდა, არ არის შემძლე არანაირი კონსტიტუციური ცვლილების, რომელსაც სჭირდება 113 თუ 114 ხმა, და პოლიტიკური ცხოვრება, რაც დღემდე მიმდინარეობს, არ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ მოხერხდება დღევანდელ საპარლამენტო ძალებს შორის იმ დონის კონსენსუსი, რომ საკონსტიტუციო გადაწყვეტილება იქნას მიღებული, მაგრამ მე გთავაზობთ, რომ ნუ იქნება ასეთი პესიმისტური განწყობა. პოლიტიკური პროცესი ეს თავისთავად დინამიური პროცესია, პოლიტიკურ ძალების თუ პარლამენტის წევრების მოსაზრებებზე გავლენას ახდენს ბევრი რამ, მათ შორის ვთქვათ ამ კომისიის მიერ შეთავაზებული კონკრეტული მოდელები და დასაბუთება იმის, რომ ეს საჭიროა, ასევე, ჩვენ ახალ პოლიტიკურ ფაზას ვუახლოვდებით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები გამოჩნდა საკმაოდ მკაფიოდ და მკვეთრად პოლიტიკურ ჰორიზონტზე და ამ ყველაფერმა, არ არის გამორიცხული, შეგვაძლებინოს რაღაც ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შესაძლოა, მანამდე ჩანდა არცთუ პერსპექტიული", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე განმარტებით, კომისიის ნამუშევარი უნდა განიხილებოდეს როგორც ორეტაპიანი რეფორმის პროცესი.

"ეტაპი პირველი, რომელზეც შესაძლოა დავინახოთ შესაძლებლობა არჩევნებამდე უფო ადრე ცვლილებების განხორციელების და მეორე ეტაპი, რომელსაც შესაძლოა, დასჭირდეს უფრო მეტი დრო და მეტი განხილვა", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.