ანდრეას ლუბიცი იმ ადგილებში ისვენებდა, სადაც კატასტროფა მოხდა

ანდრეას ლუბიცი იმ ადგილებში ისვენებდა, სადაც კატასტროფა მოხდა

კომპანია "ჯერმანვინგის" თვითმფრინავის მეორე მფრინავი, რომელსაც გამოძიების ცნობით, ლაინერის განადგურება სურდა, იმ ადგილებში ისვენებდა, სადაც კატასტროფა მოხდა. 

"ბიბისის" ცნობით, მფრინავთა სკოლის "მონტაბაურის" წარმომადგენლის, დიტერ ვაგნერის თქმით, ანდრეას ლუბიცი საფრანგეთის ალპებში პლანერით დაფრინავდა ხოლმე. ამას გარდა, ლუბიცი მფრინავთა სკოლაში ლექციებს ესწრებოდა და რამდენჯერმე არდადეგები სწორედ აღნიშნულ რეგიონში გაატარა.

გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, რა შეიძლებოდა გამხდარიყო პილოტის მოტივი და აქვს თუ არა კავშირი მის ქმედებას იმ რეგიონთან, რომელსაც მფრინავი კარგად იცნობდა და სადაც კატასტროფა მოხდა. 

გამოძიების წინასწარი ვერსიით, მფრინავს დეპრესია აწუხებდა და ავადმყოფობის შესახებ თანამშრომლებს უმალავდა. თვითმფრინავის "შავი ყუთის" ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მან თვითმფირინავის განზრახ დაშვება დაიწყო მაშინ, როდესაც ლაინერი საფრანგეთის ალპების თავზე მიფრინავდა. თვითმფრინავის ბორტზე 150 ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა.