გია ვოლსკი - არ იქნება კორექტული, სახელმწიფოს მთავარი მმართველი პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლისას მოწმის სახით იჯდეს

გია ვოლსკი - არ იქნება კორექტული, სახელმწიფოს მთავარი მმართველი პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლისას მოწმის სახით იჯდეს

არ იქნება კორექტული, სახელმწიფოს მთავარი მმართველი - პრემიერ-მინისტრი პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლისას მოწმის სახით იჯდეს, - ამ კონტექსტში განიხილავს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე მთავრობის წარმომადგენლების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის დასწრების საკითხს.

როგორც ვოლსკი აცხადებს, ის პარლამენტის მხრიდან პრეზიდენტისა და პრემიერის ინტიტუტისადმი პატივისცემას ადასტურებს და ამბობს იმასაც, რომ ანალოგიური დამოკიდებულება გააჩნია მთავრობას. 
"მაშინ, როცა პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად მთავრობის წარმომადგენლები მოდიოდნენ, სიტუაცია იყო სხვა. სადღეისოდ პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური არ არის, როგორც ეს ადრე იყო. მოხდა ფუნქციების გამიჯვნა. აქედან გამომდინარე, არ იქნება კორექტული სახელმწიფოს მთავარი მმართველი - პრემიერ-მინისტრი დარბაზში მოწმის სახით იჯდეს. ის, ისევე, როგორ მინისტრთა კაბინეტის სხვა წარმომადგენლები ვალდებულებიც არიან შეისწავლონ, განიხილონ პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვა. პირადად ჩემი აზრია, ქვეყნის ფაქტიურ მმართველს, მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელს - პრემიერ-მინისტრს არ უნდა მივცეთ ფუნქცია, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გამოსვლის მოწმე იყოს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გია ვოლსკიმ, რომელმაც აქვე დასძინა, რომ "პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც პრეზიდენტის მოხსენების მოსმენა პარლამენტში სურს". 

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს მიმართა, პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლაზე სახელისუფლო შტოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, ასევე სხვა საპატიო სტუმრობის მოწვევა უზრუნველყოს.