ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულთა ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურა სასამართლო სხდომისთვის მზად არ არის

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულთა ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურა სასამართლო სხდომისთვის მზად არ არის

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ პროკურატურა წინასასამართლო სხდომისთვის, რომელიც პირველი აპრილს არის ჩანიშნული, მზად არ არის. 

როგორც საქალაქო სასამართლოში საქმის მასალების შეტანის შემდეგ დაკავებულების ერთ-ერთმა ადვოკატმა, ლევან სამუშიამ განაცხადა, დაცვის მხარისთვის პროკურატურას ამ დრომდე არ გადაუცია მტკიცებულებები, ხოლო პროკურორმა ლევან ბაჩიაშვილმა ადვოკატებს მოსთხოვა, ხელი მოეწერათ მტკიცებულებების ნუსხაზე, რომელიც დაცვის მხარეს არ მიუღია. 

"გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ველოდებოდით პროკურორებს პროკურატურაში, რათა გადმოეცათ მტკიცებულებები. ჩვენ მივიღეთ 17 მტკიცებულება და გვიან საღამოს გვითხრეს, დანარჩენს ხვალ მიიღებთო. დღეს დილით კი, 08.00 საათზე დაგვირეკა პროკურორმა ლევან ბაჩიაშვილმა და გვითხრა, რომ ხელი უნდა მოგვეწერა ნუსხაზე, ფაქტობრივად ცარიელ ფურცელზე, თითქოსდა მტკიცებულებები გადმოგვეცა. ეს ჩვენთვის შეურაცხყოფაა და ხელს არ მოვაწერთ. ჩვენ პროკურორტებს ველოდებით უახლოესი ერთი საათის განმავლობაში სასამართლოში, შემდეგ კი დაველოდებით ოფისში და ვითხოვთ მტკიცებულებების სრულად გადმოცემას", - განაცხადა ლევან სამუშიამ. 

ადვოკატის თქმით, პროკურატურა პროცესისთვის მზად არ არის, რაც დასტურდება იმითაც, რომ ერთ-ერთი მთავარი ექსპერტიზა ბრალდების მხარემ გუშინ დანიშნა. 

"ექსპერტიზა დაინიშნა ბრალდების იმ ნაწილში, რასაც ედავებიან ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს. ეს არის საფინანსო კუთხით ექსპერტიზა, რომელიც ფარგლებშიც შესწავლილი უნდა იყოს, რამდენად სწორად მოხდა თავდაცვის სამინისტროს მხირდან თანხების გახარჯვა. პროკურატურამ ექსპერტიზა დანიშნა გუშინ იმ პირობებში, როდესაც უკვე 5 თვეა, ბრლდებულები პატიმრობაში იმყოფებიან", - განაცხადა ლევან სამუშიამ. 

ამასთან, ადვოკატებმა საქმის მასალები სასამართლოს უკვე ჩაბარეს. წინასასამართლო სხდომა კი ე.წ. კაბელების საქმეზე 1 აპრილს არის ჩანიშნული.