ეკა ბესელია - კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატურებთან დაკავშირებით პოზიციები პრაქტიკულად შეჯერებულია

ეკა ბესელია - კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატურებთან დაკავშირებით პოზიციები პრაქტიკულად შეჯერებულია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, ფრაქცია "ქართულ ოცნებაში" პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატურებთან დაკავშირებით პოზიციები, პრაქტიკულად შეჯერებულია. 

ბესელიას ცნობით, ერთადერთი კომიტეტი, რომელთან დაკავშირებითაც დამატებითი კონსულტაციები უმრავლესობის ფორმატში გაიმართება, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტია. 

როგორც ცნობილია, ფრაქცია "ქართული ოცნება" აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურას განიხილავს. ამასთან, უმრავლესობა კიდევ ერთ კანდიდატურაზე, თინა ხიდაშელზე მსჯელობს.

ბესელიას განცხადებით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თაობაზე დამატებითი კონსულტაციები სწორედ ამასთან დაკავშირებით იქნება საჭირო. გარდა ამისა, დეპუტატის ინფორმაციით, პარლამენტის დიასპორასთან ურთიერთობის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარდაჭერილი იქნება თემურ ჭკუასელის კანდიდატურა.

როგორც ბესელია აცხადებს, ფრაქცია "ქართული ოცნება - ეროვნულ ფორუმთან" შედგა შეთანხმება, რომ ისინი აღნიშნულ პოსტზე წარდგენილ შალვა კიკნაველიძის კანდიდატურას გაიწვევენ.