ახალ სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებულ პროექტში გათვალისწინებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა

ახალ სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებულ პროექტში გათვალისწინებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ახალ სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებით, ცვლილებების პროექტი შეტანილია პარლამენტში, სადაც გათვალისწინებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, - ამის შესახებ თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ამ ცვლილებების პროექტში გათვალისწინებულია პროცედურების გამარტივება, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, შეეხება სტუდენტებს, ასევე იმ უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ გარკვეულ საკუთრებას საქართველოში და ახორციელებენ ინვესტიციებს. ბერუჩაშვილის განცხადებით, ასევე გამარტივების მიზნით იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო, ამ ვიზების გაცემაზე იმუშავებენ სხვა ქვეყნები და ეს შეთანხმება იქნება მიღწეული საერთაშორისო მოლაპარაკებების შედეგად. "ანუ ყველა ის საინტერესო პრაქტიკა, რომელიც არის მსოფლიოში, ჩვენ გამოვიყენეთ, რათა პროცედურები გამარტივებულიყო", - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.

ევროკავშირის წარმომადგენლის ხელმძღვანელის, იანოშ ჰერმანის განცხადების კომენტირებისას კი, რომ დირექტივები იყოს ზოგადი და შემდეგ უკვე საქართველოს სუვერენული უფლება იყო გადაწყვეტილების მიღება, თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ მუშაობენ, რათა სავიზო ლიბერალიზაციაში იყოს პროგრესი და შედეგი.

"ამ მიმართულებით არის გარკვეული მოთხოვნები, რომელიც აუცილებლად უნდა აისახოს ჩვენს სავიზო რეგულაციებში. შესაბამისად, შენგენის მიდგომების სტანდარტების ელემენტები ასახულია ჩვენს კანონმდებლობაში. ამასთან ერთად ეს პროცესები დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ აქამდე საქართველოს საერთოდ არ ჰქონდა საემიგრაციო პოლიტიკა, დღეს ეს პოლიტიკა ჩამოყალიბებულია, რა საკვირველია, სრულყოფას საჭიროებს, რომელიც ეტაპობრივად მიმდინარეობს", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.