დასტურდება, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებები Copy-Paste-ით არის მომზადებული

დასტურდება, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებები Copy-Paste-ით არის მომზადებული

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატების განცხადებით, მათ გააჩნიათ ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ გამოძიებაში ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებები Copy-Paste-ით არის მომზადებული.

როგორც მთავარ პროკურატურაში შესვლამდე კაბელების საქმეზე ბრალდებულების ერთ-ერთმა ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა, დაცვის მხარეს გააჩნია ლინგვისტური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადასტურებულია, რომ გამოძიების მიერ დაკითხული 8 მოწმის შემთხვევაში ჩვენებები იდენტურია.

"8 მოწმის შემთხვევაში დასტურდება, რომ გამოძიება ცოპყ-პასტე-ით მუშაობდა. ექსპერტიზა ასკვნის, რომ ერთი პირის ნააზრევი გამოყენებულია 8 მოწმის შემთხვევაში და გასაღებულია 8 მოწმის ჩვენებად. ასევე ჩვენ გვაქვს უამრავი მტკიცებულებები, რითაც ჩვენ დავადასტურებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობას", - განაცხადა ლევან სამუშიამ.

მისი თქმით, გარდა ამისა, საქმეს დაერთვება იმ ექსპერტიზის დასკვნა, რომელზე ხელმოწერაზეც ერთ-ერთმა ექსპერტმა ავთანდილ გუნთაიშვილმა უარი განაცხადა. ადვოკატი განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა იურდიული ძალის მქონე დოკუმენტია, რომელზეც სხვა ექსპერტი აწერს ხელს. რაც შეეხება გუნთაიშვილის განცხადებას, თითქოს მას ხელმოწერის უფლება არ ჰქონდა იქიდან გამომდინარე, რომ საჯარო სამსახურში დასაქმდა, ადვოკატის თქმით, ეს არის აბსურდული.

"კანონი არ უკრძალავს ექსპერტს საჯარო სამსახურში დასაქმების შემთხვევაში ხელმოწერა გააკეთოს ექსპერტიზის დასკვნაზე. განცხადება, რომ თითქოს მან ხელი ამ მიზეზით არ მოაწერა, აბსურდულია და იმ ზეწოლის შედეგია, რომელიც მასზე განხორციელდა. ეს დოკუმენტი არის იურდიული ძალის მქონე დოკუმენტი, კერძოდ, წარმოადგენს ტექნიკურ-ფინანსურ ნაწილში ექსპერტიზის დასკვნას", - განაცხადა ლევან სამუშიამ.

იგი კაბელების საქმეზე ბრალდებული სხვა პირების ადვოკატებთან ერთად ამ წუთებში პროკურატურაში იმყოფება. ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 1-ელ აპრილს არის ჩანიშნული.