ქვეყნის არაოფიციალური მმართველის გავლენა გაცილებით დიდია, ვიდრე ჩვენი ყველას ერთად აღებული

ქვეყნის არაოფიციალური მმართველის გავლენა გაცილებით დიდია, ვიდრე ჩვენი ყველას ერთად აღებული

ქვეყნის არაოფიციალური მმართველის გავლენა გაცილებით დიდია, ვიდრე ჩვენი ყველას ერთად აღებული, - აღნიშნული განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა, რომელიც დემოკრატის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეძღვნება.

ბარამიძემ ქვეყნის არაოფიციალური მართვის გარდა, მისი პოლიტიკური თანაგუნდელების დაკავება-დაპატიმრების პროცესზეც გაამახვილა ყურადღება.

"დემოკრატიაა, როდესაც ქვეყანას ისეთი პიროვნება მართავს, რომელსაც არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება?! წინგადადგმული ნაბიჯია, როცა მთელი ქვეყანა კულუარულად, არაოფიციალური პირის მიერ იმართება?! მისი ზეგავლენა უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი ყველასი  ერთად აღებული. დემოკრატია კანონის უზენაესობის საფუძველზე შენდება. რამდენად დემოკრატიულია, როდესაც დემოკრატიული არჩევნების გზით მოსული მთავრობა წინა მთავრობის ლიდერებს აპატიმრებს?! ზოგიერთი მათგანი წინასწარ პატიმრობაშია კონსტიტუციის დარღვევით. უნდა შეიქმნას სისტემა, როცა ძლიერ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საზოგადოებას წარმოადგენენ, არჩევნებში წაგების არ შეეშინდებათ. მიმაჩნია, რომ ჩვენ შევქმენით სისტემა და ეს იყო ჩვენი გამარჯვება, როდესაც დავმარცხდით. შეიძლება ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ მე ჩვენი მიღწევების მეამაყება – ჩვენ დავმარცხდით დემოკრატიულად და ვართ პირველი პოლიტიკური პარტია, რომელმაც არჩევნების შედეგები აღიარა და გამარჯვებულს გამარჯვება მიულოცა", - განაცხადა გია ბარამიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას.