ირაკლი ალასანია:   სამთავრობო მართვა არაფორმალური ვერტიკალით ხორციელდება

ირაკლი ალასანია: სამთავრობო მართვა არაფორმალური ვერტიკალით ხორციელდება

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ქართული დემოკრატიის განვითარების მთავარ პრობლემად არაფორმალურ მმართველობას ასახელებს , - ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა.

ალასანიას განცხადებით, ქვეყნის მართვა უნდა ხორციელდებოდეს ინსტიტუციებით და არა კულუარებში მდგომი ადამიანების მიერ.

"დღეს რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის ერთგვარი ჰიბრიდი. სამთავრობო მართვა არაფორმალური ვერტიკალით ხორციელდება. ეს არის ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე დგას. თუკი ეს მომავალ არჩევნებამდე არ გამოსწორდება, მას ქართველი ხალხი გამოასწორებს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

გარდა ამისა, სიტყვით გამოსვლისას ალასანია დაეთანხმა პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში პოლიტიკოსების უმრავლესობას სურს ინდივიდუალურად იყვნენ ჩემპიონები. ამასთან დაკავშირებით ალასანიამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა ძალებმა ისწავლონ გამარჯვების გუნდურად მიღწევა, როცა ყველა ერთად იქნება გამარჯვებული.