"ამას ჩვენი მთავრობა კონკრეტული ადამიანების, ოჯახების გადასარჩენად აკეთებს"

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახმარებით განსახორციელებელი C ჰეპატიტის პროგრამა რეალური და ხელშესახები შედეგების მომტანი იქნება.

როგორც პრემიერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და კომპანია "გილიარდთან" ხელშეკრულება 21 აპრილს გაფორმდება. დღეს კი ჯანდაცვის სამინისტრო ამერიკელ კოლეგებთან ერთად პროგრამის სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს.

"დღეს ჩვენი შეხვედრის პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტროს მნიშვნელოვანი ღონისძიება აქვს C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში. ჩამოსულები არიან ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელები, რათა საბოლოოდ განისაზღვროს უპრეცენდენტო პროგრამის სამოქმედო გეგმა და მოხდეს მისი გაცნობა საზოგადოებისთვის. თავდაპირველად, როდესაც ქვეყნის შერჩევა ხდებოდა, მთავარი კრიტერიუმები იყო სტაბილური პოლიტიკური ვითარება და მთავრობის ნება ჯანდაცვა ყოფილიყო პრიორიტეტული. სწორედ ამ ორი კრიტერიუმით შეირჩა საქართველო. 21 აპრილს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და კომპანია "გილიარდთან" ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებას და უახლოეს დღეებში, პრეპარატების პირველი პარტიის გაცემა  დაიწყება, რომელიც პირველ ეტაპზე განკუთვნილია 5 ათას ყველაზე მძიმე პაციენტზე, შემდეგ კი ათობით ათას ადამიანს მიეცემა განკურნების საშუალება. ეს უმნიშვნელოვანესი პროგრამაა, რეალური და ხელშესახები შედეგებით. ამას ჩვენი მთავრობა კონკრეტული ადამიანების, ოჯახების გადასარჩენად აკეთებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.