ირაკლი ღარიბაშვილი:   აქციის გამართვა დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი პროცესია

ირაკლი ღარიბაშვილი: აქციის გამართვა დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი პროცესია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და შეახსენებს, რომ აქციის გამართვა დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი პროცესია.

როგორც პრემიერმა რამდენიმე დღის წინ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აქციის ჩატარების უფლებას ყველამ პატივი უნდა სცეს, მიუხედავად იმისა, ვინ მართავს მას.

"მესმის ყველა ადამიანის აღშფოთება. ისინი წლების განმავლობაში ითმენდნენ ძალადობას, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ საქართველოში რაიმე ტიპის აჟიოტაჟი და ხმაური. ჩვენ გვჭირდება დამშვიდება და მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. აქციის ჩატარება ეს არის კანონით გათვალისწინებული უფლება და ნორმალური პროცესი, რომელიც დამახასიათებელი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს აქციის მშვიდობიანად ჩატარება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ატარებს მას და ამას ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

უშუალოდ 21 მარტს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი აქციის კონტექსტში კი პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინსიტრის განცხადება შეაფასა და მინისტრ ვახტანგ გომელაურს მიმართა, რომ განცხადება "ძალიან კარგი იყო".

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ 21 მარტს დაგეგმილი აქციის ჩასატარებლად სამინისტრო "ნაციონალურ მოძრაობას" კომფორტს შეუქმნის. "შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, რომ უსაფრთხოდ ჩატარდეს აქცია. ასევე, ყველანაირად ვეცდებით, რომ გადაადგილება თუ იქნება, რაიონებიდან ჩამოსვლა – ეს ავტობუსი იქნება თუ მანქანები, როგორც წინაზე გავაკეთეთ და დავეხმარეთ, ავტოსადგომებს მოვუმზადებთ, რომ საცობები არ შეიქმნას და კომფორტულად გადაადგილდნენ. კიდევ, მე წინაზეც აღვნიშნე, ჩვენ არ ველოდებით არანაირ ექსცესებს. მე ვფიქრობ, არც თვითონ აპირებენ ასეთი რაღაცის გაკეთებას. ჩაივლის ცივილიზებულად, წყნარად. ჩვენც მაქსიმალურად შევუქმნით კომფორტს", _ განაცხადა გომელაურმა.