რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ანექსიას

რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ანექსიას

მიმდინარე წლის 18 მარტს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1223-ე სხდომა გაიმართა. დღის წესრიგის საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში" ფარგლებში, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კონსტანტინე კორკელიამ გააკეთა განცხადება მოსკოვსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის თაობაზე ე.წ. „ხელშეკრულების" დაგეგმილ ხელმოწერასთან დაკავშირებით.

თავის გამოსვლაში კონსტანტინე კორკელიამ აღნიშნული ფაქტი შეაფასა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული მორიგი ნაბიჯი რუსეთის ფედერაციის მხრიდან და აღნიშნა, რომ მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების არაერთი მოწოდებისა, რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ანექსიას.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა მოუწოდა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს, მისცენ შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება აღნიშნულ ფაქტს და გადადგან ნაბიჯები რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიის ფაქტის საპასუხოდ.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, დღის წესრიგის აღნიშნული საკითხის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა ევროპის საბჭოში ევროკავშირის წარმომადგენელი და გააჟღერა ევროკავშირის განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ევროკავშირის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მსგავსი ხელშეკრულების ხელმოწერა არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა და საფრთხეს უქმნის სტაბილურობას რეგიონში. „ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - წერია საგარეო უწყების განცხადებაში.